28 August 2015

ქართველი რეკორდსმენების წარმატება „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“

Record Holders Republic – რეკორდსმენთა რესპუბლიკა
„რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასის შედეგები ცნობილია – საქართველოს რეკორდების ფედერაციამ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, ინდივიდუალური შედეგებით კი უმაღლესი შეფასება გიორგი როსტომაშვილმა მიიღო.

შეჯიბრი ივლისის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში დისტანციურად იყო ჩართული ოთხი ქვეყნის გუნდი (საქართველო, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, ინდონეზია).  ადგილობრივი ღონისძიება 22–24 ივლისს, თბილისში, ფიტნეს–კლუბ „კროსფიტში“ გაიმართა და სამი დღის განმავლობაში 18 მსოფლიო რეკორდი დამყარდა. მიღწევები ადგილზე დააფიქსირა „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა საქართველოში – დავით ხარატიშვილმა.

ქართველი რეკორდსმენები "რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე"

შეჯიბრის ფარგლებში დამყარებული რეკორდები შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, ქულების 4–ბალიანი სისტემით შეფასდა. გამარჯვებული გახდა დიდი ბრიტანეთის გუნდი, რომელმაც საერთო ჯამში 144 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დაიკავა 73 ქულით, მესამე და მეოთხე ადგილებზე კი ინდოეთისა და ინდონეზიის გუნდები გავიდნენ.

გიორგი როსტომაშვილმა "რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე" უმაღლესი შედეგი აჩვენა

ინდივიდუალურ ჩათვლაში უმაღლესი შეფასება მიიღო საქართველოს რეკორდების ფედერაციის გუნდის წევრმა გიორგი როსტომაშვილმა, რომელმაც საერთო ჯამში 45 ქულა მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილები კი ბრიტანელმა ძალოსნებმა – ფრედ ბარტონმა (38 ქულა) და პედი დოილმა (36 ქულა) დაიკავეს.

„რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასი“ საერთაშორისო ორგანიზაცია „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ (Record Holders Republic) ინიციატივით მიმდინარე წელს პირველად განხორციელდა. ორგანიზატორების განცხადებით, შეჯიბრი ყოველწლიურად ჩატარდება და უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს.

ამ თემაზე:



loading...