10 August 2015

თიანელმა სპორტსმენებმა „თიანეთობაზე“ ორი რეკორდი დაამყარეს

თიანეთობა 2015–ზე ორი რეკორდი დამყარდა
9 აგვისტოს, დაბა თიანეთის სახალხო დღესასწაულ „თიანეთობა 2015“–ზე, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა – გიორგი მათურელმა და ნოდარ ცალუღელაშვილმა მუშტებზე აზიდვებში რეკორდები დაამყარეს. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ. დავით უსუფაშვილმა სპორტსმენები საქართველოს რეკორდების ფედერაციის სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

გიორგი მათურელისთვის გუშინდელი სარეკორდო ასპარეზობა რიგით მეექვსე იყო – 28 წლის ძალოსანს წარსულში ხუთი რეკორდი აქვს დამყარებული, აზიდვების სხვადასხვა სახეობებში. ამჯერად მან 28.9 კგ (60 ფუნტის ექვივალენტი) წონის ტვირთით, მარჯვენა ხელის მუშტზე, ერთ წუთში 60–ჯერ აიზიდა და საუკეთესო შედეგი აჩვენა.

გიორგი მათურელი ამყარებს მეექვსე რეკორდს

წარმატებული დებიუტი ჰქონდა 24 წლის ნოდარ ცალუღელაშვილსაც: მან 45–კილოგრამიანი ზურგჩანთით ორივე ხელის მუშტზე ერთ წუთში 58 აზიდვა შეასრულა. ამ სახეობაში სარეკორდო შედეგი სხვადასხვა დროს ეკუთვნოდათ ქართველ, ამერიკელ და ფრანგ სპორტსმენებს, უკანასკნელი მიღწევის ავტორი კი გიორგი მათურელი იყო, რომელმაც 2 თვის უკან თიანეთში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე 38 აზიდვა შეასრულა.

ნოდარ ცალუღელაშვილი ასრულებს მუშტებზე აზიდვებს 45კგ წონის ჩანთით

რეკორდსმენების საგულშემატკივროდ, თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის წევრები, აგრეთვე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. თიანელ სპორტსმენებს საქართველოს რეკორდების ფედერაციის სერტიფიკატები დავით უსუფაშვილმა გადასცა.

„ვულოცავ თიანეთის მოსახლეობას ამ დღესასწაულს! დღეს ძალიან ბევრი საინტერესო კუთხე ვნახეთ, სადაც ძალიან შთამბეჭდავი შეჯიბრები გაიმართა, ვნახეთ ადგილობრივი ნაწარმი და ხელოვნების ნიმუშები, თუმცა ამ რეკორდებმა, რა თქმა უნდა, ამ დღის რეკორდი მოხსნა! თითქმის დაუჯერებელი ამბავია, როდესაც ასეთი დიდი სხვაობით მყარდება რეკორდები, კიდევ ერთხელ ვულოცავ თიანელებს ამ წარმატებას და ვუსურვებ, რომ ეს რეკორდი არასოდეს გაუშვან ხელიდან!“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა რეკორდსმენები დააჯილდოვა

გიორგი მათურელმა თანაქალაქელებს დღესასწაული მიულოცა და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა: „პირველ რიგში მინდა მივულოცო თიანელებს თიანეთობა! ამ რეკორდის დასამყარებლად ერთი თვის განმავლობაში ვემზადებოდი. მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და საქართველოს რეკორდების ფედერაციას!“

ნოდარ ცალუღელაშვილის თქმით, იგი რეკორდების დამყარებას მომავალშიც შეეცდება: „ძალიან გახარებული ვარ – ეს ჩემთვის პირველი რეკორდია. ამ დღისთვის ერთი თვის განმავლობაში ვემზადებოდი. შემდეგი რეკორდის დამყარებას ორძელზე ვარჯიშში ვაპირებ.“

ღონისძიებას საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. მსაჯთა შორის იყო ბრიტანული ორგანიზაციის – „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ (Record Holders Republic) მიერ ახლახანს დანიშნული წარმომადგენელი – დავით ხარატიშვილი, რომელიც მონაცემებს დასამტკიცებლად ლონდონში გაგზავნის.







loading...