08 August 2015

„თიანეთობა 2015“–ზე ორი რეკორდის დამყარება იგეგმება

თიანელი სპორტსმენები – გიორგი მათურელი და ნოდარ ცალუღელაშვილი
9 აგვისტოს, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაულ „თიანეთობა 2015“–ისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ამავე მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები – გიორგი მათურელი და ნოდარ ცალუღელაშვილი აზიდვებში რეკორდების დამყარებას შეეცდებიან. შედეგებს საქართველოს რეკორდების ფედერაცია დააფიქსირებს.

28 წლის გიორგი მათურელს 2013 წლიდან დღემდე მუშტებზე აზიდვაში ხუთი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული (ცალ ხელზე, ორივე ხელზე, დამატებითი სიმძიმით). უკანასკნელი შედეგი, 45–კილოგრამიანი ტვირთით აზიდვაში მიმდინარე წლის 13 ივნისს, თიანეთში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე დააფიქსირა, რომლის მეჩირაღდნეები თავად გიორგი მათურელი და ნოდარ ცალუღელაშვილი იყვნენ. ამჯერად მის მიზანს წარმოადგენს ერთი წუთის განმავლობაში ცალი ხელის მუშტზე აზიდვების შესრულება, დამატებითი 27 კგ (60 ფუნტის ექვივალენტი) ტვირთით.

გიორგი მათურელისგან განსხვავებით, სარეკორდო ასპარეზობაზე პირველად გამოვა 24 წლის ნოდარ ცალუღელაშვილი, რომელიც მათურელის რეკორდის მოხსნას შეეცდება: ამისათვის მან 45–კილოგრამიანი ზურგჩანთით ერთ წუთში 28–ზე მეტი აზიდვა შეასრულოს. ნოდარ ცალუღელაშვილი 16 წლის ასაკიდან ვარჯიშობს – არის ეროვნული, რეგიონული და რაიონული ტურნირების მრავალგზის პრიზიორი ჭიდაობა ძიუდოში (ჭაბუკთა შორის), აგრეთვე ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი უზბეკურ ეროვნულ ჭიდაობა „კურაშში“.

თიანელი სპორტსმენების ასპარეზობას საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია დააკვირდება. აგრეთვე, ღონისძიებას დაესწრება ბრიტანული ორგანიზაციის – „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ (Record Holders Republic) წარმომადგენელი საქართველოში – დავით ხარატიშვილი, რომელიც შედეგებს ადგილზე დააფიქსირებს და შემდეგ დასამტკიცებლად ლონდონში გაგზავნის.

ამ თემაზე:





loading...