ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

29 September 2015

მსჯავრდებულმა ჯაგა ზვიადაურმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ჯაგა ზვიადაური – ქართველი პატიმარი რეკორდსმენი
ქართველმა მსჯავრდებულმა – 38 წლის ჯაგა ზვიადაურმა ე.წ. „ჩაჯდომების“ ვარჯიშში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით პარასკევს, რუსთავის მე–17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიმართა, სადაც ზვიადაური იხდის სასჯელს.

გინესის მსოფლიო რეკორდების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ჯაგა ზვიადაურს ერთ წუთში ცალი ფეხით 47–ზე მეტი „ჩაჯდომა“ უნდა შეესრულებინა, რათა იტალიელი სილვიო საბას შედეგი გაეუმჯობესებინა.

ღონისძიება ციხის ეზოში, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მსჯავრდებულების თანდასწრებით ჩატარდა. ჯაგა ზვიადაურს მიზნის მიღწევა არ გასჭირვებია – მან მარცხენა ფეხზე 60 წამში 62 „ჩაჯდომის“ შესრულება მოასწრო და სილვიო საბას რეზულტატს 15 ერთეულით გადააჭარბა. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები დაესწრნენ და ადგილზე დააფიქსირეს მსჯავრდებულის მიღწევა.

რუსთავის #17 საპატიმროში მსჯავრდებული ჯაგა ზვიადაური ამყარებს რეკორდს

„აღელვებული ვარ, ეს ჩემთვის პირველი რეკორდი იყო. ამ დღისთვის 6 თვის განმავლობაში ვემზადებოდი. რეკორდის დასამყარებლად სისტემატიური ვარჯიშია საჭირო, ვფიქრობ, რომ სხვა შემთხვევაში ამ შედეგს ვერ მივაღწევდი“ – განაცხადა ჯაგა ზვიადაურმა.

ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ქართველმა მსჯავრდებულმა დამაჯერებელი სხვაობით გააუმჯობესა მოქმედი მსოფლიო რეკორდი:

„მსგავსი ღონისძიება ჩვენთვის უცხო არ არის, 2013–2014 წლებში კუკური სალბიშვილმა ქსნის მე–15 დაწესებულებაში ოთხი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ისტორიაში შევიდა, როგორც საქართველოში პირველი მსოფლიო რეკორდსმენი მსჯავრდებული. დღეს კი ჯაგა ზვიადაური მორიგი მსოფლიო რეკორდსმენი გახდა მსჯავრდებულებს შორის. როგორც ვიცი, იგი კიდევ აპირებს ახალი რეკორდებისთვის მომზადებას და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შევუწყოთ და ახალი წარმატებების მიღწევაში დავეხმაროთ“ – აღნიშნა მან.

ჯაგა ზვიადაური 1976 წლის 25 დეკემბერს თბილისში დაიბადა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. წარსულში სპორტით დაკავებული არ ყოფილა. იგი სასჯელს 2006 წლიდან იხდის.

იხილეთ ღონისძიების ფოტოები და ვიდეო



ამ თემაზე:





24 September 2015

მსჯავრდებული ჯაგა ზვიადაური რეკორდის დამყარებას შეეცდება

პატიმარი ჯაგა ზვიადაური რეკორდის დამყარებას შეეცდება
ხვალ – 25 სექტემბერს, რუსთავის მე–17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სარეკორდო ღონისძიება გაიმართება. რეკორდის დამყარებას მსჯავრდებული – 38 წლის ჯაგა ზვიადაური შეეცდება.

ზვიადაურის მიზანი ე.წ. „ჩაჯდომების“ ვარჯიშში იტალიელი რეკორდსმენის – სილვიო საბას შედეგის გაუმჯობესებაა. გინესის მოთხოვნების მიხედვით, ქართველმა მსჯავრდებულმა ერთი წუთის განმავლობაში, ცალ ფეხზე 47–ზე მეტი „ჩაჯდომა“ უნდა შეასრულოს. შედეგს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები ადგილზე დააფიქსირებენ.

ჯაგა ზვიადაური 1976 წლის 25 დეკემბერს თბილისში დაიბადა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. იგი სასჯელს 2006 წლიდან იხდის.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის მიერ რეკორდის დამყარების ფაქტი ქართული პენიტენციური სისტემისთვის პირველი არ არის: 2013–2014 წლებში კუკური სალბიშვილმა ქსნის მე–15 დაწესებულებაში ოთხი მსოფლიო რეკორდი დაამყარა აზიდვების უიშვიათეს სახეობებში და პირველი ქართველი რეკორდსმენი გახდა მსჯავრდებულებს შორის. სასჯელაღსრულების დაწესებულება მან მიმდინარე წლის 1–ელ მაისს დატოვა.

ამ თემაზე:

„მსჯავრდებული რეკორდსმენი კუკური სალბიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა“

„გაიღიმე, ცხოვრება გრძელდება!“ – ქართველი პატიმარი რეკორდსმენის ავტობიოგრაფია“

„ქართველი რეკორდსმენები მსჯავრდებულებს შეხვდნენ (ვიდეო)“

„ქართველმა მსჯავრდებულმა ორი ახალი რეკორდი დაამყარა“

„მსჯავრდებული კუკური სალბიშვილი ორი ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება“

19 September 2015

ქართველი მორაგბე გინესის რეკორდსმენი გახდება

18 წლის ბორჯღალოსანი ვასილ ლობჟანიძე შესაძლოა გინესის წიგნში მოხვდეს
2015 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი ხდება, რომ ქართველ მორაგბე ვასილ ლობჟანიძეს გინესის რეკორდსმენის ტიტული მიენიჭება. ამ ინფორმაციას თავად გინესის მსოფლიო რეკორდების რედაქცია ავრცელებს.

„ქართველი მორაგბე ვასილ ლობჟანიძე გახდება მსოფლიო თასის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ისტორიაში, თუკი ითამაშებს ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე“ – აღნიშნულია სარაგბო რეკორდების მიმოხილვაში, რომელიც გინესის რედაქციამ გუშინ – 18 სექტემბერს გამოაქვეყნა.

ამჟამად რეკორდის მფლობელი ამერიკელი ტრიტონ პალამოა. 2007 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობის დროს მისი ასაკი ზუსტად 19 წელიწადი და 8 დღე იყო, ლობჟანიძეს კი 19 წელიწადი ოქტომბერში შეუსრულდება.

რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასმა სტარტი 18 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში აიღო. ტურნირში 20 გუნდი იღებს მონაწილეობას. ბორჯღალოსნები პირველ შერკინებას ტონგას ნაკრების წინააღმდეგ დღეს – 19 სექტემბერს გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

ტურნიკზე მიზიდვაში ახალი რეკორდი დამყარდა

გიორგი ფუტკარაძე ტურნიკზე მიზიდვაში მსოფლიო რეკორდსმენია
საქართველოს რეკორდების ფედერაციამ ახალი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა: 25 წლის გიორგი ფუტკარაძემ ერთი წუთის განმავლობაში ტურნიკზე 50 მიზიდვა შეასრულა და გინესის ამჟამინდელ რეზულტატს 7 ერთეულით გადააჭარბა.

სარეკორდო ასპარეზობა 12 სექტემბერს, World Pull-Up Day–ის ღონისძიებაზე შედგა. „წითელ ბაღში“ რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წევრები, სპორტსმენები და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გინესის ნორმატივების თანახმად, გიორგი ფუტკარაძეს ერთი წუთის განმავლობაში 43–ზე მეტი მიზიდვა უნდა შეესრულებინა. ქართველმა ძალოსანმა სავალდებულო ზღვარს 7 ერთეულით გადააჭარბა და ძელზე 50–ჯერ მიიზიდა.

25 წლის გიორგი ფუტკარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანში ცხოვრობს. პროფესიონალური სპორტით არასოდეს ყოფილა დაკავებული. ის დამოუკიდებლად ვარჯიშს აგრძელებს და მომავალში ახალი რეკორდების დამყარებას გეგმავს.

ამ თემაზე:






08 September 2015

თემურ დადიანის რეკორდის ვიდეომასალას „რეკორდსეთერი“ ავრცელებს

თემურ დადიანის რეკორდის ვიდეო რეკორდსეთერის გვერდზე
რეკორდების მარეგისტრირებელმა ამერიკულმა ორგანიზაცია „რეკორდსეთერმა“ თემურ დადიანის პირველი რეკორდის ვიდეომასალა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა. ერთი დღის განმავლობაში ვიდეო 117 000–ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ვიდეო სოციალურ ქსელში 8 სექტემბერს გავრცელდა და მომხმარებლების აღფრთოვანება გამოიწვია. „ამ ჯარისკაცმა ორივე ფეხი ავღანეთში დაკარგა. ახლა კი, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მსოფლიო რეკორდს ამყარებს!“ – ნათქვამია პოსტის აღწერაში.

This soldier lost his legs in Afghanistan. Now, against all odds, he's crushing a World Record!
Posted by RecordSetter on 2015 წლის 7 სექტემბერი, ორშაბათი

ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი თემურ დადიანია ISAF–ის მისიის ყოფილი მონაწილე, დაჭრილი ჯარისკაცია. მან ორივე ქვედა კიდური და მარჯვენა ხელის ნეკა თითი 2011 წლის 3 აგვისტოს, ავღანეთში, ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად დაკარგა. შემთხვევიდან ზუსტად სამი წლისთავზე თემურმა უპრეცედენტო მსოფლიო რეკორდი დაამყარა ე.წ. „ფლენჩ“ (Planche) აზიდვებში, მიმდინარე წლის ივნისში კი საკუთარი შედეგი გააუმჯობესა. ამჟამად მსახურობს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, პარალელურად სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ამ თემაზე:









„ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი რეკორდის დასამყარებლად ემზადება“

05 September 2015

12 სექტემბერს თბილისში World Pull-Up Day ჩატარდება

World Pull-Up Day Georgia
12 სექტემბერს თბილისში World Pull-Up Day  (ტურნიკზე მიზიდვის საერთაშორისო დღე) ჩატარდება. ღონისძიება ე.წ. „წითელ ბაღში“ არსებულ სპორტულ მოედანზე 12:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მსოფლიო რეკორდის დამყარებაც.

World Pull-Up Day მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო–სპორტული პროექტია და ხორციელდება სთრით ვორქაუთისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციის (WSWCF) პატრონაჟითპროექტი მიზნად ისახავს მოხალისეთა ჯგუფების მიერ ერთი დღის განმავლობაში ტურნიკზე (ჰორიზონტალურ ძელზე) მიზიდვების შესრულებას და ამგვარად ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, აგრეთვე ფონდების მოძიებას სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. ღონისძიებაში შარშან 57 ქვეყანა იყო ჩართული, მიზიდვების საერთო რაოდენობამ კი 14 ათასს გადააჭარბა.

მიმდინარე წელს აქციას საქართველოც უერთდება – ეროვნული მასშტაბით პროექტს ახორციელებს საქართველოს რეკორდების ფედერაცია. სპეციალურად ადგილობრივი ღონისძიებისთვის შექმნილია ქართულენოვანი ვებ-გვერდი, რომელზეც რეგულარულად ქვეყნდება სიახლეები. პროექტის მედიაპარტნიორია საინფორმაციო ცენტრების ქსელი reginfo.ge.

12 სექტემბერს აქციაში ჩაერთვებიან ქართველი რეკორდსმენები, ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი 25 წლის გიორგი ფუტკარაძე ტურნიკზე მიზიდვაში მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება. გინესის ნორმატივების თანახმად, მან ერთი წუთის განმავლობაში 43–ზე მეტი მიზიდვა უნდა შეასრულოს.

ინდივიდუალურის გარდა, დაფიქსირდება გუნდური რეკორდიც – ღონისძიების მონაწილეებისა და მათ მიერ შესრულებული აზიდვების ჯამური რაოდენობის მიხედვით. შედეგებს დააფიქსირებს ბრიტანული ორგანიზაცია – „რეკორდსმენთა რესპუბლიკა“.

სთრით ვორქაუთისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაცია (WSWCF) უმაღლესი მმართველი ორგანოა ე.წ. „ქუჩის ვარჯიშების“ (Street Workout) სფეროში. ფედერაციის ცენტრალური ოფისი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარეობს და ამჟამად 60 ქვეყანას აერთიანებს. მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტი დავით ბეგიაშვილი WSWCF–ის მსოფლიო რეკორდების მენეჯერად დაინიშნა.

ამ თემაზე:


01 September 2015

ტედი რინერის ახალი სარეკორდო შედეგი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე

ტედი რინერი – გინესის რეკორდსმენი ძიუდოისტი
ფრანგი მძიმეწონოსანი ძიუდოისტი, გინესის რეკორდსმენი ტედი რინერი კიდევ ერთი რეკორდის პრეტენდენტი გახდა – ყაზახეთის დედაქალაქში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მან მერვედ მოიპოვა ჩემპიონის სტატუსი.

26 წლის ტედი რინერი 131 კილოგრამს იწონის, სიმაღლით კი 2 მეტრს აჭარბებს (2.04 მ). იგი მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტია: არის ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, 4–გზის ევროპისა და ახლა უკვე 8–გზის მსოფლიო ჩემპიონი, აგრეთვე გინესის მსოფლიო რეკორდსმენი.

გინესის რეკორდსმენის წოდება ფრანგ სპორტსმენს ჯერ კიდევ 2007 წელს, რიო დე ჟანეიროში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მიენიჭა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონს ძიუდოში. იმ დროისათვის სპორტსმენის ასაკი ზუსტად 18 წელიწადი და 159 დღე იყო.

ყაზახეთის ტურნირზე გამარჯვებით ტედი რინერმა თავის კარიერაში მერვე ოქროს მედალი მოიპოვა და კიდევ ერთი უპრეცედენტო შედეგი დააფიქსირა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიენიჭება თუ არა ამ შედეგს გინესის მსოფლიო რეკორდის კვალიფიკაცია.

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 24–30 აგვისტოს ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა 120 ქვეყნის 729 ძიუდოისტმა მიიღო. წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 11 სპორტსმენით იასპარეზა და სამი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა: მათ შორის ერთი – გუნდურ ჩათვლაში მიიღო, თითო კი ვარლამ ლიპარტელიანმა და ადამ ოქრუაშვილმა მოიპოვეს.