05 September 2015

12 სექტემბერს თბილისში World Pull-Up Day ჩატარდება

World Pull-Up Day Georgia
12 სექტემბერს თბილისში World Pull-Up Day  (ტურნიკზე მიზიდვის საერთაშორისო დღე) ჩატარდება. ღონისძიება ე.წ. „წითელ ბაღში“ არსებულ სპორტულ მოედანზე 12:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მსოფლიო რეკორდის დამყარებაც.

World Pull-Up Day მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო–სპორტული პროექტია და ხორციელდება სთრით ვორქაუთისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციის (WSWCF) პატრონაჟითპროექტი მიზნად ისახავს მოხალისეთა ჯგუფების მიერ ერთი დღის განმავლობაში ტურნიკზე (ჰორიზონტალურ ძელზე) მიზიდვების შესრულებას და ამგვარად ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, აგრეთვე ფონდების მოძიებას სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. ღონისძიებაში შარშან 57 ქვეყანა იყო ჩართული, მიზიდვების საერთო რაოდენობამ კი 14 ათასს გადააჭარბა.

მიმდინარე წელს აქციას საქართველოც უერთდება – ეროვნული მასშტაბით პროექტს ახორციელებს საქართველოს რეკორდების ფედერაცია. სპეციალურად ადგილობრივი ღონისძიებისთვის შექმნილია ქართულენოვანი ვებ-გვერდი, რომელზეც რეგულარულად ქვეყნდება სიახლეები. პროექტის მედიაპარტნიორია საინფორმაციო ცენტრების ქსელი reginfo.ge.

12 სექტემბერს აქციაში ჩაერთვებიან ქართველი რეკორდსმენები, ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი 25 წლის გიორგი ფუტკარაძე ტურნიკზე მიზიდვაში მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება. გინესის ნორმატივების თანახმად, მან ერთი წუთის განმავლობაში 43–ზე მეტი მიზიდვა უნდა შეასრულოს.

ინდივიდუალურის გარდა, დაფიქსირდება გუნდური რეკორდიც – ღონისძიების მონაწილეებისა და მათ მიერ შესრულებული აზიდვების ჯამური რაოდენობის მიხედვით. შედეგებს დააფიქსირებს ბრიტანული ორგანიზაცია – „რეკორდსმენთა რესპუბლიკა“.

სთრით ვორქაუთისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაცია (WSWCF) უმაღლესი მმართველი ორგანოა ე.წ. „ქუჩის ვარჯიშების“ (Street Workout) სფეროში. ფედერაციის ცენტრალური ოფისი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარეობს და ამჟამად 60 ქვეყანას აერთიანებს. მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტი დავით ბეგიაშვილი WSWCF–ის მსოფლიო რეკორდების მენეჯერად დაინიშნა.

ამ თემაზე:


loading...