29 September 2015

მსჯავრდებულმა ჯაგა ზვიადაურმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ჯაგა ზვიადაური – ქართველი პატიმარი რეკორდსმენი
ქართველმა მსჯავრდებულმა – 38 წლის ჯაგა ზვიადაურმა ე.წ. „ჩაჯდომების“ ვარჯიშში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით პარასკევს, რუსთავის მე–17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიმართა, სადაც ზვიადაური იხდის სასჯელს.

გინესის მსოფლიო რეკორდების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ჯაგა ზვიადაურს ერთ წუთში ცალი ფეხით 47–ზე მეტი „ჩაჯდომა“ უნდა შეესრულებინა, რათა იტალიელი სილვიო საბას შედეგი გაეუმჯობესებინა.

ღონისძიება ციხის ეზოში, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მსჯავრდებულების თანდასწრებით ჩატარდა. ჯაგა ზვიადაურს მიზნის მიღწევა არ გასჭირვებია – მან მარცხენა ფეხზე 60 წამში 62 „ჩაჯდომის“ შესრულება მოასწრო და სილვიო საბას რეზულტატს 15 ერთეულით გადააჭარბა. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები დაესწრნენ და ადგილზე დააფიქსირეს მსჯავრდებულის მიღწევა.

რუსთავის #17 საპატიმროში მსჯავრდებული ჯაგა ზვიადაური ამყარებს რეკორდს

„აღელვებული ვარ, ეს ჩემთვის პირველი რეკორდი იყო. ამ დღისთვის 6 თვის განმავლობაში ვემზადებოდი. რეკორდის დასამყარებლად სისტემატიური ვარჯიშია საჭირო, ვფიქრობ, რომ სხვა შემთხვევაში ამ შედეგს ვერ მივაღწევდი“ – განაცხადა ჯაგა ზვიადაურმა.

ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ქართველმა მსჯავრდებულმა დამაჯერებელი სხვაობით გააუმჯობესა მოქმედი მსოფლიო რეკორდი:

„მსგავსი ღონისძიება ჩვენთვის უცხო არ არის, 2013–2014 წლებში კუკური სალბიშვილმა ქსნის მე–15 დაწესებულებაში ოთხი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ისტორიაში შევიდა, როგორც საქართველოში პირველი მსოფლიო რეკორდსმენი მსჯავრდებული. დღეს კი ჯაგა ზვიადაური მორიგი მსოფლიო რეკორდსმენი გახდა მსჯავრდებულებს შორის. როგორც ვიცი, იგი კიდევ აპირებს ახალი რეკორდებისთვის მომზადებას და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შევუწყოთ და ახალი წარმატებების მიღწევაში დავეხმაროთ“ – აღნიშნა მან.

ჯაგა ზვიადაური 1976 წლის 25 დეკემბერს თბილისში დაიბადა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. წარსულში სპორტით დაკავებული არ ყოფილა. იგი სასჯელს 2006 წლიდან იხდის.

იხილეთ ღონისძიების ფოტოები და ვიდეო



ამ თემაზე:





loading...