19 September 2015

ქართველი მორაგბე გინესის რეკორდსმენი გახდება

18 წლის ბორჯღალოსანი ვასილ ლობჟანიძე შესაძლოა გინესის წიგნში მოხვდეს
2015 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი ხდება, რომ ქართველ მორაგბე ვასილ ლობჟანიძეს გინესის რეკორდსმენის ტიტული მიენიჭება. ამ ინფორმაციას თავად გინესის მსოფლიო რეკორდების რედაქცია ავრცელებს.

„ქართველი მორაგბე ვასილ ლობჟანიძე გახდება მსოფლიო თასის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ისტორიაში, თუკი ითამაშებს ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე“ – აღნიშნულია სარაგბო რეკორდების მიმოხილვაში, რომელიც გინესის რედაქციამ გუშინ – 18 სექტემბერს გამოაქვეყნა.

ამჟამად რეკორდის მფლობელი ამერიკელი ტრიტონ პალამოა. 2007 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობის დროს მისი ასაკი ზუსტად 19 წელიწადი და 8 დღე იყო, ლობჟანიძეს კი 19 წელიწადი ოქტომბერში შეუსრულდება.

რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასმა სტარტი 18 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში აიღო. ტურნირში 20 გუნდი იღებს მონაწილეობას. ბორჯღალოსნები პირველ შერკინებას ტონგას ნაკრების წინააღმდეგ დღეს – 19 სექტემბერს გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
loading...