01 September 2015

ტედი რინერის ახალი სარეკორდო შედეგი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე

ტედი რინერი – გინესის რეკორდსმენი ძიუდოისტი
ფრანგი მძიმეწონოსანი ძიუდოისტი, გინესის რეკორდსმენი ტედი რინერი კიდევ ერთი რეკორდის პრეტენდენტი გახდა – ყაზახეთის დედაქალაქში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მან მერვედ მოიპოვა ჩემპიონის სტატუსი.

26 წლის ტედი რინერი 131 კილოგრამს იწონის, სიმაღლით კი 2 მეტრს აჭარბებს (2.04 მ). იგი მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტია: არის ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, 4–გზის ევროპისა და ახლა უკვე 8–გზის მსოფლიო ჩემპიონი, აგრეთვე გინესის მსოფლიო რეკორდსმენი.

გინესის რეკორდსმენის წოდება ფრანგ სპორტსმენს ჯერ კიდევ 2007 წელს, რიო დე ჟანეიროში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მიენიჭა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონს ძიუდოში. იმ დროისათვის სპორტსმენის ასაკი ზუსტად 18 წელიწადი და 159 დღე იყო.

ყაზახეთის ტურნირზე გამარჯვებით ტედი რინერმა თავის კარიერაში მერვე ოქროს მედალი მოიპოვა და კიდევ ერთი უპრეცედენტო შედეგი დააფიქსირა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიენიჭება თუ არა ამ შედეგს გინესის მსოფლიო რეკორდის კვალიფიკაცია.

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 24–30 აგვისტოს ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა 120 ქვეყნის 729 ძიუდოისტმა მიიღო. წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 11 სპორტსმენით იასპარეზა და სამი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა: მათ შორის ერთი – გუნდურ ჩათვლაში მიიღო, თითო კი ვარლამ ლიპარტელიანმა და ადამ ოქრუაშვილმა მოიპოვეს.

loading...