19 October 2015

ქართველმა რეკორდსმენებმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს

rekordsmenta respublikis sertifikati - davit jorjoliani
საქართველოს რეკორდების ფედერაციის შვიდმა სპორტსმენმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: გიორგი როსტომაშვილი, კუკური სალბიშვილი, ლევან ბერუაშვილი, გიორგი მათურელი,  ნოდარ ცალუღელაშვილი, ირაკლი ვეკუა და დავით ჟორჟოლიანი ახლა უკვე ოფიციალურად ფლობენ ბრიტანული ორგანიზაციის – „რეკორდსმენთა რესპუბლკის“ (Record Holders Republic) მსოფლიო რეკორდსმენის ტიტულებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე საქართველოს RHR–ის მიერ სერტიფიცირებული რეკორდსმენი არ ჰყოლია.

„რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ მონაცემთა ბაზაში ის რეკორდები მოხვდა, რომელიც ქართველებმა მიმდინარე წლის ივლისში „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“ (RHR Cup) დაამყარეს. გარდა ამისა, შეჯიბრის შედეგებს დაემატა გიორგი მათურელისა და ნოდარ ცალუღელაშვილის ორი რეკორდიც, რომელიც 9 აგვისტოს, „თიანეთობა 2015–ის“ სადღესასწაულო ღონისძიებაზე დაფიქსირდა. საერთო ჯამში, „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“ საქართველოს რეკორდების ფედერაციამ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, ინდივიდუალური შედეგებით კი უმაღლესი შეფასება გიორგი როსტომაშვილმა მიიღო.

„რეკორდსმენთა რესპუბლიკა“ უმაღლესი მიღწევების მარეგისტრირებელი ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა. დაარსდა 2001 წელს, დიდ ბრიტანეთში. ორგანიზაციის ხელმძღვანელობით დღემდე განხორციელდა რამდენიმე სატელევიზიო შოუ და გამოიცა რეკორდების წიგნი, სახელწოდებით „დაიჯერე დაუჯერებელი!“ (Believe the Unbelievable!). ამჟამად ორგანიზაციას დანიშნული წარმომადგენლები ჰყავს აშშ–ში, ავსტრალიასა და აზიის ქვეყნებში. მიმდინარე წლის 1–ელ ივლისს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯი დავით ხარატიშვილი საქართველოში „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ რეგიონალურ პრეზიდენტად დაინიშნა.

ამ თემაზე:

„ქართველი რეკორდსმენების წარმატება „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“

„ქართველმა რეკორდსმენებმა 3 დღეში 18 რეკორდი დაამყარეს“

„ქართველი რეკორდსმენები „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“ იასპარეზებენ“

„დავით ხარატიშვილი საქართველოში „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ წარმომადგენლად დაინიშნა“
loading...