08 October 2015

WOWSA დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების შესახებ სტატიას აქვეყნებს

ალეკო გითოლენდია და თემურ დადიანი
ღია წყალში ცურვის მსოფლიო ასოციაციამ (WOWSA) ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების – ალეკო გითოლენდიასა და თემურ დადიანის შესახებ სტატია მოამზადა. ვრცელი პუბლიკაცია ასოციაციის ბლოგზე გუშინ, 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა. საქართველოს რეკორდების ფედერაცია გთავაზობთ სტატიის სრულ თარგმანს:




ალეკო გითოლენდია იღებს მაგალითს მეგობრისგან

თემურ დადიანი და ალეკო გითოლენდია ამპუტირებული ქართველი ჯარისკაცები არიან, რომლებიც ავღანეთში, ISAF–ის მისიაში მონაწილეობის დროს დაშავდნენ: ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად მათ ორივე ფეხი დაკარგეს, აგრეთვე, მნიშვნელოვნად დაუზიანდათ მთელი სხეული.

თუმცა ისინი არ დანებდნენ და აღიდგინეს ძალები!

კაპრალმა თემურ დადიანმა 2014 წლის 3 აგვისტოს, აფეთქებიდან ზუსტად 3 წლის შემდეგ, ფლენჩის პოზიციაში აზიდვების შესრულებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა და გინესის აღიარება მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი საკუთარი რეკორდი მოხსნა საქველმოქმედო მარათონზე, სახელად – ერთად ვიმარჯვებთ.

ალეკო გითოლენდია ყოველთვის გულშემატკივრობდა მეგობარს, თუმცა თვითონ არასოდეს უფიქრია რეკორდის დამყარებაზე. თემურის წარმატებებმა მას მისცა მოტივაცია, თვითონაც მიეღწია რაიმე განსაკუთრებული შედეგისთვის.

აშშ–ში მკურნალობის დროს საათობით მიწევდა საცურაო აუზზე ყოფნა და დიდი მანძილის გაცურვა შეუსვენებლად. მაშინ ამას მხოლოდ ჯანმრთელობისთვის ვაკეთებდი. როდესაც თემურმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მაშინ გავაცნობიერე, რომ მეც შემეძლო მსგავსი შედეგის მიღწევა – განმარტავს ალეკო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მრავალი ადამიანისთვის მხარდაჭერა და წახალისება აუცილებელია წინაპირობაა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩასართავად. ჩვენ გვინდა, მივცეთ მაგალითი მათ, ვისაც ეს სჭირდება.

ამჟამად მეგობრები ერთად ემზადებიან რეკორდების დასამყარებლად 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს.

დადიანი და გითოლენდია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეს მსოფლიო რეკორდების დამყარებით აღნიშნავენ. ამით ისინი მოუწოდებენ ყველა შშმ პირს, რომ დაამსხვრიონ სტერეოტიპები და გადააჭარბონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს ცხოვრებაში – ამბობს ორგანიზატორი დავით ბეგიაშვილი, "ამჯერად თემური გაცილებით უფრო რთული რეკორდის მოსახსნელად ემზადება: მან 40 გირვანქა (დაახლოებით 18 კგ) ტვირთით ერთ წუთში ტურნიკზე მაქსიმალური რაოდენობის მიზიდვა უნდა შეასრულოს. მიუხედავად იმისა, რომ თემურს ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, იგი კონკურენციას გაუწევს ამ სახეობაში მსოფლიოს ყველაზე ძლიერ მამაკაცებს – ბობი ნატოლის, ტურნიკის მეფედ წოდებულ მაიკ ჩენგს და მოქმედ მსოფლიო რეკორდსმენ რონ კუპერს. რეკორდის მისაღწევად თემურმა ერთ წუთში 40–გირვანქიანი ტვირთით 25–ზე მეტი მიზიდვა უნდა შეასრულოს.

თავის პირველ სარეკორდო ასპარეზობაზე ალეკო გითოლენდია შეეცდება 3 კილომეტრის გაცურვას უმოკლეს დროში. მცდელობის დროს ალეკო გამოიყენებს მხოლოდ წყლის სათვალეს. მისთვის ეს გაცურვა გაცილებით რთული იქნება, რადგან მას მუხლს ზემოთ ამპუტირებული აქვს ორივე ქვედა კიდური, მკლავი მოტეხილი აქვს იდაყვისა და მაჯის არეში და დაზიანებული აქვს კუნთები და მყესები. ამის გამო, მას არ გააჩნია შეგრძნება მარცხენა ხელის შუათითზე, არათითზე და ნეკაზე და მნიშვნელოვნად აქვს დაქვეითებული ცერა და საჩვენებელ თითებზე.

დეკემბერში ცურვისთვის ყველაზე შესაფერისი ამინდი ჰავაიზეა, ამიტომ შევარჩიეთ ეს ადგილი რეკორდის დასამყარებლად. ღონისძიება იგეგმება ალა მოანას პლაჟზე, ჰონოლულუში. კაიაკებით დაგვეხმარებიან ჯეფ კოზლოვიჩი და სტივ ჰომსჩაილდი, აგრეთვე მოვიწვევთ გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალურ წარმომადგენლებს.

პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხის მოსაძიებლად ბეგიაშვილს წამოწყებული აქვს კამპანია პორტალ Indiegogo–ზე (იხილეთ პროექტის ბმული და გვერდი ფეისბუქზე).

იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ შეგიძლიათ შემოწირულობის გაღება, თქვენი მხარდაჭრა მაინც მნიშვნელოვანია პროექტისთვის – აცხადებს ბეგიაშვილი, მადლობელნი ვიქნებით, თუ დაეხმარებით სხვა ადამიანებს, რომ შეიტყონ ჩვენი პროექტის შესახებ. თუ გაქვთ კითხვები, შენიშვნები ან შეთავაზებები, გთხოვთ, მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@warriorsbeyondabilities.com, ან ეწვიეთ ვებ–გვერდს www.warriorsbeyondabilities.com.

ამ თემაზე:

„ალეკო გითოლენდია „ნანუკას შოუში“

„ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები ახალი რეკორდების დამყარებას გეგმავენ“

„კაპრალმა თემურ დადიანმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა“

„თემურ დადიანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა“

„WOWSA ანა ლომინაძის შესახებ წერს“

loading...