10 November 2015

ევროპის უგრძესი სელფის ჯაჭვი თბილისში

რეკორდი სელფის გადაღებაში
7 ნოემბერს თბილისში უჩვეულო რეკორდი დამყარდა: ერთ რიგად ჩამწკრივებულმა 137–მა მოხალისემ „ლენოვოს“ სმარტფონით ავტოპორტრეტები გადაიღო და ევროპაში ყველაზე გრძელი „სელფის ჯაჭვი“ შექმნა. შედეგი ადგილზე დააფიქსირა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ.

აღნიშნულ სახეობაში მსოფლიო რეკორდი სხვადასხვა დროს აშშ–ში, მექსიკასა და ინდოეთში დაფიქსირდა. მათ შორის ყველაზე მეტი – 746 სელფი მიმდინარე წლის ივნისში, მექსიკელებმა გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც მსგავსი სახის სარეკორდო ღონისძიება ჩატარდა.

ფილარმონიის წინ გამართულ აქციას ორგანიზება სარეკლამო კომპანია „ლივინგსტონმა“ და „ლენოვო ჯორჯიამ“ გაუწიეს. წესების თანახმად, მონაწილეებს ერთი და იგივე სმარტფონით, მორიგეობით უნდა გადაეღოთ სელფი, რომელშიც უნდა გამოჩენილიყო ფოტოს ავტორისა და მის შემდეგ მდგარი ადამიანის სახეები, აგრეთვე გადამღების მკლავის ნაწილი. გადაღებებს შორის შუალედი კი არ უნდა ყოფილიყო ერთ წუთზე მეტი.

სელფი რეკორდსმენი ქართველები

ღონისძიების შედეგები საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისიამ აღრიცხა. წესების დაცვით გადაღებული სელფების რაოდენობამ 137–ს მიაღწია. „ლენოვო ჯორჯიას“ ორი სერტიფიკატი გადაეცა: საქართველოს რეკორდების ფედერაციისგან – ეროვნული, საერთაშორისო ორგანიზაცია „რეკორდსმენთა რესპუბლიკისგან“ კი – კონტინენტური მასშტაბის მიღწევის დასადასტურებლად. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეკორდების ფედერაცია „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ პარტნიორია და მინიჭებული აქვს რეკორდების სერტიფიცირების ექსკლუზიური უფლება ქვეყნის მასშტაბით, აგრეთვე ჰყავს დანიშნული წარმომადგენელი საქართველოში – დავით ხარატიშვილი.

სტანდარტულის გარდა, საქართველოს რეკორდების ფედერაცია გასცემს მონაწილეობის სერტიფიკატებსაც, რომელშიც მიეთითება ღონისძიებაში მონაწილე პირის სახელი და გვარი და ადასტურებს მის თანამონაწილეობას რეკორდის დამყარებაში. სერტიფიკატის ელექტრონული ვერსიის მისაღებად, ღონისძიებაში მონაწილე პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
loading...