21 December 2015

იოსებ ხუციშვილმა ორი ახალი რეკორდი დაამყარა

აზიდვა ცალ ხელზე ტვირთით – სპორტი
მრავალგზის რეკორდსმენმა – პოლიციის მაიორმა იოსებ ხუციშვილმა ორი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ღონისძიება 17 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მხარდაჭერით ჩატარდა. შედეგები ადგილზე დააფიქსირა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ.

პირველ ცდაზე იოსებ ხუციშვილმა ნახევარ წუთში 10.42 კგ წონის ტვირთით ორძელზე 33 მოძრაობა შეასრულა, შემდეგ კი 21.22–კილოგრამიანი ზურგჩანთით ცალ ხელზე ერთი წუთის განმავლობაში 56–ჯერ აიზიდა და 2013 წელს დამყარებული საკუთარი რეკორდი 10 ერთეულით გააუმჯობესა.

რეკორდი ორძელზე ვარჯიშში

ამავე ღონისძიებაზე საკუთარი მიღწევის გაუმჯობესებას შეეცადა შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი – ლეიტენანტი ვახტანგ ლუქუნიძე. მისი მიზანი იყო საკუთარი ეროვნული რეკორდის გაუმჯობესება ტურნიკზე ერთ წუთში ე.წ. „თავისუფალი სტილით“ მიზიდვაში. ლუქუნიძემ გაიმეორა წინა შედეგი – 45 მიზიდვა, თუმცა, სამწუხაროდ, ახალი რეკორდი არ დაფიქსირდა.

საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისიამ ადგილზე დაადასტურა იოსებ ხუციშვილის ორივე შედეგი. ფედერაციის სერტიფიკატებთან ერთად, ხუციშვილს გადაეცა ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაციის – „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ (RHR)  სერტიფიკატებიც. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეკორდების ფედერაცია „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ ოფიციალური წარმომადგენელია და მინიჭებული აქვს სერტიფიკაციის ექსკლუზიური უფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები

ამჟამად, შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ სერტიფიცირებული ხუთი რეკორდსმენი ირიცხება: შსს–ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სპორტული კომპლექსის განყოფილების უფროსი – იოსებ ხუციშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი მოადგილე – ვახტანგ ლუქუნიძე, აგრეთვე სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის თანამშრომლები: იოსებ კობახიძე, ჟანრი ნოდია და გიორგი მანველიძე, რომლებმაც რეკორდსმენის ტიტულები აზიდვების სხვადასხვა სახეობაში მიღწეული შედეგებით დაიმსახურეს.

ამ თემაზე:






loading...