ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

31 January 2016

2015 წლის დაიჯესტი

2015 წელი ყველაზე დატვირთული და წარმატებული იყო საქართველოს რეკორდების ფედერაციის არსებობის ისტორიაში. გთავაზობთ გასული 12 თვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ჩამონათვალს:

იანვარი

სეზონი 16 იანვარს, ეროვნული რეკორდის დამყარებით გაიხსნა: 14 წლის მოზარდმა იოანე ნიკოლაიშვილმა პლანშეტურ კომპიუტერზე (IPad–ზე) ლათინური ანბანი 4.25 წამში აკრიფა და ამ შედეგით მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. ღონისძიებას მაღაზია „აიტექნიკმა“ უმასპინძლა.


ფედერაციამ შემდეგი ღონისძიება 22 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კომპლექსში ჩაატარა: მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენი – პოლიციის მაიორი იოსებ ხუციშვილი 28.2–კილოგრამიანი ზურგჩანთით ამოტრიალებულ მტევნებზე ერთ წუთში 55–ჯერ აიზიდა და ბრიტანელი პედი დოილის შედეგი გააუმჯობესა, ლეიტენანტმა ვახტანგ ლუქუნიძემ კი ტურნიკზე ე.წ. „თავისუფალი სტილით“ წუთში 45 მიზიდვა შეასრულა და ეროვნული რეკორდი დაამყარა.

შსს რეკორდსმენები – ხუციშვილი და ლუქუნიძე

27 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სტუდენტებთან და პროფესორებთან შეხვედრა გამართა თვითნასწავლმა მხატვარმა და რეკორდსმენმა – ვატო (ვახტანგ) აბაშიძემ, რომელიც 5 383 ესკიზისა და 10 000–ზე მეტი აბსტრაქტული ნახატის ავტორია. ვატომ დამსწრე საზოგადოებას ფერების აღქმის მისეული ხედვა გააცნო და საკუთარი ნამუშევრებიც წარუდგინა, შეხვედრის ბოლოს კი აკადემიის პროფესორებისგან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.

ვატო აბაშიძის შეხვედრა სამხატვრო აკადემიაში

თებერვალი

2 თებერვალს ამერიკულმა ორგანიზაცია „რეკორდსეთერმა“ (RSWR) აზიდვების ყველაზე უცნაური მსოფლიო რეკორდების ვიდეოკრებული გამოაქვეყნა. კრებულში მოხვდა ორი ქართველის – ირაკლი ვეკუასა და კუკური სალბიშვილის მიღწევები: 48 აზიდვა ცერა თითებზე ერთ წუთში და ამავე დროში შესრულებული 17 აზიდვა მარჯვენა ხელის შუა თითზე.

ალტერნატიული რეკორდების წიგნის სერტიფიკატი ანა ლომინაძეს

ამავე თვეში ცნობილი გახდა, რომ ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემის –„ალტერნატიული რეკორდების წიგნის“ აღიარება კიდევ ხუთმა ქართველმა რეკორდსმენმა: ანა ლომინაძემ, თემურ დადიანმა, კუკური სალბიშვილმა, არტაშეს ელბაქიანმა და გიორგი როსტომაშვილმა მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის „ალტერნატიული რეკორდების წიგნში“ საქართველოდან სულ შვიდი მსოფლიო რეკორდია წარმოდგენილი.

მარტი

2 მარტს, თბილისში, ნუგზარ ასათიანის სახელობის საფარიკაო დარბაზში მერაბ არავიაშვილმა ერთი წუთის განმავლობაში 105 აზიდვა შეასრულა და ამერიკელი ბობი ნატოლის რეკორდი გააუმჯობესა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, 10 მარტს, მერაბ არავიაშვილი და ფედერაციის პრეზიდენტი დავით ბეგიაშვილი ტელეკომპანია „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, თოქ–შოუ „კახეთის საათში“ იმყოფებოდნენ.

მერაბ არავიაშვილი ასრულებს მუშტებზე აზიდვებს

4 მარტს ცნობილი გახდა, რომ დავით ბეგიაშვილი, სთრით ვორქაუთისა (Street Workout) და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციის (WSWCF) რეკორდების მენეჯერად დაინიშნა. მისი ფუნქციები მოიცავს ურთიერთობას რეკორდების მარეგისტრირებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფედერაციის მიერ დაგეგმილი სარეკორდო აქტივობების მომზადებასა და განხორციელებას შესაბამისი წესების დაცვით.

რეკორდების ფედერაციის შეხვედრა პატიმრებთან

16 მარტს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები ქსნის №15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეხვდნენ. მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება ქართველი რეკორდსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ, აგრეთვე, წარმოადგინეს უცხოური რეკორდების ვიდეოკრებული. ღონისძიების დასასრულს მსოფლიო რეკორდსმენმა კუკური სალბიშვილმა, რომელიც ამავე დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს, დამსწრე საზოგადოებას მის მიერ შექმნილი ვიზუალური პრეზენტაცია (სლაიდშოუ) წარუდგინა. სალბიშვილი პრეზენტაციაში გადმოსცემდა რეკორდებით დაინტერესების მიზეზს და მადლობას უხდიდა მეგობრებსა და ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის.

დავით ბეგიაშვილი სიღნაღში

25 მარტს, დავით ბეგიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა. ღონისძიება წნორში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივის” ოფისში ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ძალისმიერ წოლჭიმში საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ცოტნე ბეჟაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის წარმომადგენლები და ადგილობრივი სპორტული წრეების ხელმძღვანელები. საუბარი შეეხო სთრით ვორქაუთის როლს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში და განისაზღვრა შემდგომი თანამშრომლობის მიზნები.

აპრილი

რეკორდსმენი ბადრი ჯიქურაული

7 აპრილს, საქართველოს რეკორდების ფედერაციამ კიდევ ერთი ახალი რეკორდსმენი – ბადრი ჯიქურაული გამოავლინა. 44 წლის სპორტსმენმა ერთ დღეში ორი რეკორდი დაამყარა, 60 და 80–ფუნტიანი წონის ტვირთით აზიდვებში (შესაბამისად, 57 და 39 აზიდვა  თითოეულ კატეგორიაში). სარეკორდო ღონისძიება გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩატარდა, სადაც ბადრი ჯიქურაული სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორის პოზიციაზე მუშაობს.

მაისი

ოთხგზის მსოფლიო რეკორდსმენი, 25 წლის კუკური სალბიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ქსნის №15 სასჯელაღსრულების დაწესებულება მან 1–ელ მაისს დატოვა. რვაწლიანი პატიმრობის პერიოდში სალბიშვილმა ოთხი რეკორდი დაამყარა აზიდვების იშვიათ სახეობებში და საქართველოს ისტორიაში პირველი მსჯავრდებული რეკორდსმენი გახდა.

იოსებ კობახიძე – აზიდვები ამოტრიალებულ მაჯებზე

2 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, იოსებ კობახიძემ აზიდვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა – მან ერთი წუთის განმავლობაში, 29–კილოგრამიანი ზურგჩანთით ამოტრიალებულ მტევნებზე 63 აზიდვა შეასრულა. ღონისძიება თბილისში, სპორტულ კომპლექს „მართვეში“ ჩატარდა.

ბეგიაშვილი და სალბიშვილი "პროვინციელში"

5 მაისს, რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტი დავით ბეგიაშვილი და ოთხგზის მსოფლიო რეკორდსმენი, ყოფილი მსჯავრდებული კუკური სალბიშვილი საინფორმაციო ცენტრების ქსელის გადაცემა „პროვინციელში“ იმყოფებოდნენ. მათ ვრცლად ისაუბრეს ქართულ რეკორდებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. იხილეთ გადაცემის სრული ვიდეოჩანაწერი.

ივნისი

7 ივნისს ავღანეთში დაჭრილმა ჯარისკაცმა თემურ დადიანმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა – ერთი წუთის განმავლობაში 44 აზიდვა შეასრულა და წინა შედეგს 8 ერთეულით გადააჭარბა. დადიანს წარმატება თავდაცვის მინისტრმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს.


13 ივნისს, თიანეთში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, ოთხგზის მსოფლიო რეკორდსმენმა აზიდვებში – გიორგი მათურელმა მეხუთე რეკორდი დაამყარა: ერთი წუთის განმავლობაში 45–კილოგრამიანი (100 ბრიტანული ფუნტის ექვივალენტი) ტვირთით 38–ჯერ აიზიდა. ამ სახეობაში წინა რეკორდი – 28 აზიდვა შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის თანამშრომელ ჟანრი ნოდიას ეკუთვნოდა, მანამდე კი საუკეთესო შედეგს საფრანგეთისა და აშშ–ს მოქალაქეები ფლობდნენ.

გიორგი მათურელი ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის ღონისძიებაზე

ივლისი

1–ელ ივლისს საქართველოს რეკორდების ფედერაცია რეკორდების მარეგისტრირებელი საერთაშორისო ორგანიზაციის – „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ (Record Holders Republic) ოფიციალური პარტნიორი გახდა. ფედერაციის მსაჯი – დავით ხარატიშვილი კი RHR–ის რეგიონალურ წარმომადგენლად დაინიშნა.

„რეკორდსმენთა რესპუბლიკის“  ცენტრალური ოფისი დიდ ბრიტანეთში მდებარეობს, გარდა ამისა, დანიშნული წარმომადგენლები ჰყავს აშშ–ში, ავსტრალიაში და აზიის ქვეყნებში. ორგანიზაციის ხელმძღვანელობით დღემდე განხორციელდა რამდენიმე სატელევიზიო შოუ და გამოიცა რეკორდების წიგნი, სახელწოდებით „დაიჯერე დაუჯერებელი!“ (Believe the Unbelievable!), აგრეთვე, 2015 წელს პირველად ჩატარდა „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასის“ (RHR Cup), რომელში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა რეკორდსმენებმაც.

რეკორდსმენთა თასი 2015

RHR Cup–ის ეგიდით ადგილობრივი ღონისძიება 22–24 ივლისს თბილისში, ფიტნეს–კლუბ „კროსფიტში“ ჩატარდა. სამდღიან მარათონზე ქართველმა სპორტსმენებმა ძალისმიერი სპორტის სხვადასხვა სახეობებში 18 მსოფლიო რეკორდი დაამყარეს, საერთო ჯამში 73 ქულა მოაგროვეს და ოთხ მონაწილე ქვეყანას შორის, ინგლისის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს, ინდივიდუალურ ჩათვლაში კი საუკეთესო შედეგი აჩვენა ქართველმა გიორგი როსტომაშვილმა.

თემურ დადიანი – ოლიმპიური მეჩირაღდნე

27 ივლისს თბილისში ევროპის მე–13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა. ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღო ორგზის რეკორდსმენმა – თემურ დადიანმა, რომელმაც სამ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად ჩირაღდანი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეიტანა. თემურ დადიანის გამოსვლა საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო. მაყურებლები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეხზე წამოუდგნენ სპორტსმენს. იხილეთ ვიდეო.

აგვისტო

პარლამენტის თავმჯდომარე და თიანელი რეკორდსმენები

9 აგვისტოს, დაბა თიანეთში გამართულ სახალხო დღესასწაულზე საქართველოს რეკორდების ფედერაციამ ორი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა: გიორგი მათურელი 28.9 კგ წონის ტვირთით, მარჯვენა ხელის მუშტზე, ერთ წუთში 60–ჯერ აიზიდა და რიგით მეექვსე რეკორდი დაამყარა. ამავე ღონისძიებაზე შედგა 24 წლის ნოდარ ცალუღელაშვილის დებიუტიც: მან 45–კილოგრამიანი ზურგჩანთით ორივე ხელის მუშტზე ერთ წუთში 58 აზიდვა შეასრულა და გიორგი მათურელის მიერ ივნისში ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა. ღონისძიებას თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ. თიანელ სპორტსმენებს საქართველოს რეკორდების ფედერაციის სერტიფიკატები დავით უსუფაშვილმა გადასცა.

ანა ლომინაძე ხელფეხშეკრული ცურვა

27 აგვისტოს გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნს არსებობის 60 წელიწადი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, პოპულარულმა ბრიტანულმა ჟურნალმა – “THE WEEK“ ყველაზე უცნაური რეკორდების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ჩამოთვლილ 14 რეკორდს შორის მოხვდა ანა ლომინაძის მიღწევაც ბორკილებითა და ჯაჭვებით ცურვაში, რომელიც გასული წლის 3 აპრილს დაფიქსირდა – რკინის ბორკილებითა და ჯაჭვებით ხელფეხშეკრულმა სპორტსმენმა 25–მეტრიანი აუზი 21.76 წამში გადაცურა.

სექტემბერი

ტურნიკზე მიზიდვები – გიორგი ფუტკარაძე

12 სექტემბერს მსოფლიოს 60–ზე მეტ ქვეყანაში ტურნიკზე მიზიდვის მსოფლიო დღე (World Pull-Up Day) აღინიშნა. World Pull-Up Day მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო–სპორტული პროექტია და ხორციელდება სთრით ვორქაუთისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციის (WSWCF) პატრონაჟით. 2015 წელს პირველად აქციას საქართველოც შეუერთდა: შეიქმნა ქართულენოვანი ვებ-გვერდი, რომელზეც განთავსდა სრული ინფორმაცია პროექტის შესახებ. ადგილობრივი ღონისძიება ე.წ. „წითელ ბაღში“, რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა და მსოფლიო რეკორდის დამყარებით დასრულდა: 25 წლის გიორგი ფუტკარაძემ ერთი წუთის განმავლობაში ტურნიკზე 50 მიზიდვა შეასრულა და გინესის მოქმედ რეკორდს 7 ერთეულით გადააჭარბა. გარდა ამისა, დაფიქსირდა გუნდური რეკორდებიც, მონაწილეთა რაოდენობისა და შესრულებული მიზიდვების საერთო რაოდენობის მიხედვით.

18 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, გინესის მსოფლიო რეკორდების რედაქციამ სარაგბო რეკორდების მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც აღინიშნა, რომ „ქართველი მორაგბე ვასილ ლობჟანიძე გახდებოდა მსოფლიო თასის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ისტორიაში, თუკი ითამაშებდა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე“. მან მართლაც იასპარეზა პირველივე შეხვედრაში, რომელშიც ბორჯღალოსნებმა ტონგას ნაკრები დაამარცხეს, ლობჟანიძე კი რაგბის ისტორიაში მსოფლიო თასის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახდა.

ჯაგა ზვიადაური – ცალ ფეხზე ჩაჯდომები

25 სექტემბერს მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული კიდევ ერთმა ქართველმა მსჯავრდებულმა მოიპოვა: 38 წლის ჯაგა ზვიადაურმა ერთ წუთში ცალ ფეხზე 62 „ჩაჯდომა“ შეასრულა და იტალიელი სილვიო საბას შედეგი 15 ერთეულით გააუმჯობესა. ღონისძიება რუსთავის მე–17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩატარდა.

ოქტომბერი

თემო დადიანი და ალეკო გითოლენდია

6 ოქტომბერს საქართველოს რეკორდების ფედერაციამ ახალი სარეკორდო პროექტი სახელწოდებით – "მებრძოლები შესაძლებლობებს მიღმა" (Warriors Beyond Abilities) წარმოადგინა. პროექტის მიხედვით, ავღანეთში დაშავებული ქართველი ჯარისკაცები – თემურ დადიანი და ალეკო გითოლენდია 3 დეკემბერს – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, მსოფლიო რეკორდების დამყარებას აპირებდნენ. პროექტმა ადგილობრივი და უცხოური მედიის ყურადღება მიიქცია და მხარდამჭერებიც მოიპოვა, თუმცა ფინანსური რესურსების სიმცირის გამო ვერ განხორციელდა.

ნოემბერი

სელფი რეკორდი

7 ნოემბერს თბილისში საკმაოდ უჩვეულო და სახალისო რეკორდი დამყარდა: ფილარმონიის წინ შეკრებილმა 137–მა მოხალისემ „ლენოვოს“ სმარტფონით სელფ–ფოტოები გადაიღო და ევროპის მასშტაბით ყველაზე გრძელი „სელფის ჯაჭვი“ შეადგინა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო სარეკლამო კომპანია „ლივინგსტონი“, შედეგი კი საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა დააფიქსირეს.

პარამკლავჭიდის მსოფლიო თასი

23–24 ნოემბერს პოლონეთში გამართულ პროფესიონალური მკლავჭიდის XV მსოფლიო თასზე (Zloty Tur World Cup 2015) მორიგი წარმატება მოიპოვა ორგზის მსოფლიო რეკორდსმენმა თემურ დადიანმა: შშმ პირთა შორის გამართულ შეჯიბრზე ორივე მკლავით ვერცხლის მედლები მოიპოვა და პარამკლავჭიდში მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონი გახდა.

დეკემბერი

17 დეკემბერს, მრავალგზის რეკორდსმენმა – პოლიციის მაიორმა იოსებ ხუციშვილმა კიდევ ორი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა: ნახევარ წუთში 10.42 კგ წონის ტვირთით ორძელზე 33 მოძრაობა შეასრულა, შემდეგ კი 21.22–კილოგრამიანი ზურგჩანთით ცალ ხელზე ერთი წუთის განმავლობაში 56–ჯერ აიზიდა და 2013 წელს დამყარებული საკუთარი რეკორდი 10 ერთეულით გააუმჯობესა. ამავე ღონისძიებაზე საკუთარი (ეროვნული) რეკორდის გაუმჯობესებას შეეცადა შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი – ლეიტენანტი ვახტანგ ლუქუნიძე. მან ერთი წუთის განმავლობაში, ე.წ. „თავისუფალი სტილით“ ტურნიკზე 45 მიზიდვა შეასრულა და წინა შედეგი გაიმეორა, თუმცა, სამწუხაროდ, ახალი რეკორდის დამყარება ვერ მოახერხა.

რეკორდი შსს–ში

შსს სპორტულ კომპლექსიდან ფედერაციამ კიდევ ერთი მიღწევის დასაფიქსირებლად, გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში გადაინაცვლა, სადაც ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი ბადრი ჯიქურაულის ასპარეზობა უნდა გამართულიყო. 45 წლის ჯიქურაულმა 36.6 კგ წონის ზურგჩანთით წუთში 43 აზიდვა შეასრულა და გააუმჯობესა აპრილში დამყარებული საკუთარი რეკორდი.

ბადრი ჯიქურაულის რეკორდი გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში

23 დეკემბერს ამერიკულმა ორგანიზაცია „რეკორდსეთერმა“, თემურ დადიანის რეკორდი წლის საუკეთესო მიღწევების ათეულში შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის ყოველწლიურ რეიტინგში თემურ დადიანის შედეგი ზედიზედ მეორედ მოხვდა.

წლის უკანასკნელი რეკორდი 28 დეკემბერს დამყარდა: მსჯავრდებულმა რეკორდსმენმა ჯაგა ზვიადაურმა 93.7–კილოგრამიანი შტანგით ერთი წუთის განმავლობაში 33 „ჩაჯდომა“ შეასრულა. შეგახსენებთ, რომ ეს რეკორდი მისთვის პირველი არ ყოფილა – სამი თვით ადრე ზვიდაურმა ცალ ფეხზე „ჩაჯდომების“ შესრულებაშიც დააფიქსირა მსოფლიოს საუკეთესო შედეგი.

ჯაგა ზვიადაური – მეორე რეკორდი ჩაჯდომებში

საერთო ჯამში, 2015 წლის განმავლობაში, ფედერაციამ გამოავლინა ცხრა ახალი რეკორდსმენი და დააფიქსირა ოცდათექვსმეტი რეკორდი (მათ შორის: ოცდაცამეტი მსოფლიო და სამი – ეროვნული). აგრეთვე, დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა ადგილობრივ და უცხოურ ორგანიზაციებთან, აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო სპორტულ–გამაჯანსაღებელ პროექტებში და არაერთხელ მოექცა წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში. ფედერაცია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქართული სარეკორდო პოტენციალის მაქსიმალურად გამოსავლენად და ახალი წარმატებების მისაღწევად!

ამ თემაზე: