ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

31 March 2016

თამარ ბაბილუამ ფორტეპიანოზე დაკვრაში რეკორდი დაამყარა

თამარ ბაბილუა ამყარებს რეკორდს ფორტეპიანოზე დაკვრაში
29 წლის პიანისტმა თამარ ბაბილუამ ფორტეპიანოზე დაკვრაში ეროვნული მასშტაბის რეკორდი დაამყარა. მუსიკალურ ნაწარმოებებს იგი მთელი დღე–ღამის განმავლობაში ასრულებდა. შედეგი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსში გაიმართა. მარათონი 28 მარტს, 12:00 საათზე დაიწყო და 29 მარტს, 13:00 საათზე დასრულდა. თამარ ბაბილუამ ფორტეპიანოზე შეასრულა როგორც უცხოელი, ისე ქართველი ავტორების ნაწარმოებები, აგრეთვე საკუთარი კომპოზიციები.

თამარ ბაბილუას ინტერვიუ რუსთავი 2–თან

მთელი პროცესის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები. მათ ადგილზე დააფიქსირეს შედეგი და მუსიკოსს ეროვნული რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცეს. ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ამ ღონისძიების მნიშვნელობა გაცილებით აჭარბებდა ეროვნული რეკორდის მასშტაბებს:

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ეროვნული რეკორდი, ჩემი აზრით, მისი მნიშვნელობა გაცილებით მეტია და მსოფლიო რეკორდსაც კი აღემატება. პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოში მსგავსი რეკორდები იშვიათად მყარდება და ამ მხრივ თამარის შედეგი ერთ–ერთი გამორჩეული იყო. მეორე და უმთავრესი მიზეზი კი ის არის, რომ თამარს ეს რეკორდი ჯერ კიდევ 2014 წელს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა 2015–ში ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები შეექმნა და ამის გამო ვერ მოახერხა მიზნის განხორციელება. დღევანდელი ღონისძიებაც გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა მის ჯანმრთელობას, თუმცა, საბედნიეროდ, წარმატებით მოხერხდა რეკორდის დამყარება და საქართველოს რეკორდების სიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი შეემატა.“ – აღნიშნა ბეგიაშვილმა.

„რეკორდსმენობა კარგი შეგრძნებაა. ძალიან მიხარია, თუმცა ემოციებისგან დაცლილი ვარ და სათანადოდ ვერ გამოვხატავ. სამომავლოდ ვაპირებ სხვა სახის მუსიკალური რეკორდის მოხსნას, უკვე მსოფლიო მასშტაბით!“ განაცხადა რეკორდსმენმა.

თამარ ბაბილუამ ფორტეპიანოზე დაკვრა 3 წლის ასაკში დაიწყო. არის არაერთი რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. წერს სიმღერებს, ქმნის მუსიკას ფილმებისთვის, თანამშრომლობს მომღერლებთან, ხმის ჩამწერ სტუდიებთან და ბენდებთან. 2014 წლიდან არის ბენდ „ნიუტონის“ (Niutone) პიანისტი და ვოკალისტი.

რეკორდსმენი მუსიკოსი გულშემატკივრებთან ერთად

ამ თემაზე:

„ქართველი მუსიკოსი ფორტეპიანოზე დაკვრაში რეკორდის დამყარებას შეეცდება“

„ევროვიზია გინესის რეკორდსმენია“

25 March 2016

ქართველი მუსიკოსი ფორტეპიანოზე დაკვრაში რეკორდის დამყარებას შეეცდება

თამარ ბაბილუა მუსიკალური მარათონისთვის ემზადება
მუსიკოსი თამარ ბაბილუა ეროვნული რეკორდის დამყარებას შეეცდება: იგი ფორტეპიანოზე 25 საათის განმავლობაში დაუკრავს. შედეგს საქართველოს რეკორდების ფედერაცია დააფიქსირებს.

თამარ ბაბილუამ რეკორდის დამყარება 2014 წელს გადაწყვიტა, თუმცა 2015 წელს მას მე–3 სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა და მიზნის განხორციელება ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ ამ რეკორდის დამყარება საკმაოდ დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს და ამჟამადაც სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს მუსიკოსის ჯანმრთელობას.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება.  მუსიკალური მარათონი 28 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება და 29 მარტს, 13:00–ზე დასრულდება. თამარ ბაბილუა შეასრულებს ხუთასამდე კომპოზიციას, რომელიც მოიცავს როგორც საკუთარ, ისე სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებს.

თამარ ბაბილუამ ფორტეპიანოზე დაკვრა 3 წლის ასაკში დაიწყო. არის არაერთი რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. წერს სიმღერებს, ქმნის მუსიკას ფილმებისთვის, თანამშრომლობს მომღერლებთან, ხმის ჩამწერ სტუდიებთან და ბენდებთან. 2014 წლიდან არის ბენდ „ნიუტონის“ (Niutone) პიანისტი და ვოკალისტი.

ამ თემაზე:

17 March 2016

ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელი მსოფლიოს უხუცეს მამაკაცად დასახელდა

ისრაელ კრისტალი და მარკო ფრიგატი
11 მარტს ხანდაზმულობის ახალი რეკორდი დაფიქსირდა: გინესის რედაქციის ინფორმაციით,  მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი – ისრაელ კრისტალი 112 წლისაა და ისრაელში ცხოვრობს.

რეკორდის თარიღისთვის ბატონი ისრაელის ასაკი ზუსტად 112 წელიწადი და 178 დღე იყო. იგი 1903 წლის 15 სექტემბერს, პოლონეთში დაიბადა და ცხოვრების მანძილზე ორივე მსოფლიო ომს მოესწრო, აგრეთვე გადაურჩა 1940–იან წლებში  ფაშისტების მიერ განხორციელებულ მასობრივ გენოციდს, რომელსაც 6 მილიონზე მეტი ებრაელი ემსხვერპლა და ისტორიაში ჰოლოკოსტის სახელით შევიდა.

1939 წელს, პოლონეთში ნაცისტების შეჭრის შემდეგ ისრაელ კრისტალი ოჯახთან ერთად ქალაქ ლოძის გეტოში დასახლდა. ოთხი წლის შემდეგ იგი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. ჰოლოკოსტის დროს კრისტალმა მეუღლე და ორი შვილი დაკარგა, თვითონ კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და 1945 წლის მაისში გათავისუფლდა. იმ დროისათვის 41 წლის მამაკაცი მხოლოდ 37 კილოგრამს იწონიდა. 1950 წელს მეორე ცოლთან და ვაჟიშვილთან ერთად ისრაელის ქალაქ ხაიფაში გადასახლდა, სადაც დღემდე ცხოვრობს.

ისრაელ კრისტალის დიდი ოჯახი

გინესის მსოფლიო რეკორდების ხელმძღვანელი მარკო ფრიგატი მსოფლიოს უხუცეს მამაკაცს სახლში ესტუმრა და სერტიფიკატი გადასცა. ფრიგატის განცხადებით, ისრაელ კრისტალის ისტორია შესანიშნავი მაგალითია იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად ღირებულია ცხოვრება და რამდენად ხანგრძლივად შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა.

„მე არ ვიცი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო. მჯერა, რომ ყველაფერი ზემოთ განისაზღვრება და მიზეზს ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ.  ჩემზე ბევრად ჭკვიანი, ძლიერი და უკეთესი ადამიანები დღეს ცოცხლები აღარ არიან. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია ის არის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა როგორც შეგვიძლია და აღვადგინოთ ის, რაც დავკარგეთ!“ – განაცხადა ინტერვიუში უხუცესმა მამაკაცმა.

პლანეტის ყველაზე მოხუცი მამაკაცი გინესის წიგნში

შეგახსენებთ, რომ ისრაელ კრისტალის წინამორბედი რეკორდსმენი იაპონელი იასუტარო კოიდე მიმდინარე წლის იანვარში, 112 წლისა და 312 დღის ასაკში გარდაიცვალა. ამჟამად, პალნეტის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი სუსანა მაშეთ ჯონსია (115 წლისა და 249 დღის), ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი კი ფრანგი ქალბატონი ჟანი კალმენტი იყო, რომელმაც 122 წელიწადი და 164 დღე იცოცხლა და 1997 წლის 4 აგვისტოს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით

ამ თემაზე:









09 March 2016

რეკორდების ფედერაციის არხს MYVIDEO.GE–ზე ვერიფიკაცია მიენიჭა

ფედერაცია myvideo.ge–ს ოფიციალური პარტნიორია
ყველაზე პოპულარულ ქართულ ვიდეოპორტალ Myvideo.ge–ზე საქართველოს რეკორდების ფედერაციის არხს ვერიფიცირებული მომხმარებლის სტატუსი მიენიჭა, რაც მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს და ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალას მომხმარებლებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომს ხდის. ვერიფიკაციის დამადასტურებელი ნიშანი არხის მთავარ გვერდზე 23 თებერვალს გააქტიურდა.

საქართველოს რეკორდების ფედერაციის არხი ვიდეოპორტალზე 2012 წლის თებერვალში შეიქმნა. მალე არხმა პოპულარობა მოიპოვა და 2013 წლის აპრილში, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, Myvideo.ge–ის ოფიციალური პარტნიორი გახდა, მიმდინარე წლის დასაწყისში კი ახლად შექმნილი ფუნქცია – ვერიფიცირება ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობის საშუალება მხოლოდ იმ გვერდებს ენიჭება, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ სერვისის მომხმარებლებში, არ არღვევენ საავტორო უფლებებს და აკმაყოფილებენ ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ სხვა კრიტერიუმებს. ამჟამად ფედერაციის არხზე 93 ვიდეოა განთავსებული, ნახვების რაოდენობა კი 426 000–ს აჭარბებს.

პირველი ქართული ვიდეოპორტალი – Myvideo.ge კომპანია ITDC–ის („საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი“) პროდუქტია. იგი 2006 წელს შეიქმნა და დღესდღეობით  ქართული საიტების რეიტინგში ლიდერის პოზიცია უკავია.

ამ თემაზე:

„რეკორდების ფედერაცია სპორტის სამინისტროსთან განახლებული ფორმატით ითანამშრომლებს“

01 March 2016

100 მეტრი 9.45 წამში – ყალბი რეკორდი იაპონურ შოუში

იაპონურ სატელევიზიო შოუში „კასუპე“, ფალსიფიცირებული რეკორდი დამყარდა: 34 წლის ამერიკელმა სპრინტერმა – ჯასტინ გეტლინმა 100–მეტრიანი მანძილი 9.45 წამში გაირბინა. სისწრაფის განვითარებაში მას ხელს უწყობდა მძლავრი ვენტილატორები, რომლებიც სარბენი ბილიკის ორივე მხარეს იყო დამონტაჟებული.

ბრიტანული გამოცემის – „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ვენტილატორების მიერ შექმნილი ქარის კანადი საათში 20 მილს (32კმ/სთ) აღწევდა, რაც ოთხჯერ აღემატება შეჯიბრისათვის დაშვებულ პირობებს. შოუში მონაწილეობისთვის გელტინმა 2 მილიონი იენი მიიღო, რაც დაახლოებით $25 000 დოლარის ექვივალენტია.


აღნიშნულ სახეობაში ოფიციალური მსოფლიო რეკორდი იამაიკელ უსეინ ბოლტს ეკუთვნის, რომელმაც 2009 წელს ბერლინში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 100 მეტრი 9.58 წამში დაფარა.

აღსანიშნავია, რომ შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე 100 და 200–მეტრიან სპრინტში გეტლინი ბოლტთან შეჯიბრში დამარცხდა. თუმცა, როგორც მან TMZ Sports–თან ინტერვიუში განაცხადა, 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლის აღებას აპირებს.

 მასალა მომზადებულია Daily Mail–ის მიხედვით

ამ თემაზე:

„სერგეი ბუბკას 21–წლიანი რეკორდი მოხსნილია (ფოტო/ვიდეო)“