17 March 2016

ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელი მსოფლიოს უხუცეს მამაკაცად დასახელდა

ისრაელ კრისტალი და მარკო ფრიგატი
11 მარტს ხანდაზმულობის ახალი რეკორდი დაფიქსირდა: გინესის რედაქციის ინფორმაციით,  მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი – ისრაელ კრისტალი 112 წლისაა და ისრაელში ცხოვრობს.

რეკორდის თარიღისთვის ბატონი ისრაელის ასაკი ზუსტად 112 წელიწადი და 178 დღე იყო. იგი 1903 წლის 15 სექტემბერს, პოლონეთში დაიბადა და ცხოვრების მანძილზე ორივე მსოფლიო ომს მოესწრო, აგრეთვე გადაურჩა 1940–იან წლებში  ფაშისტების მიერ განხორციელებულ მასობრივ გენოციდს, რომელსაც 6 მილიონზე მეტი ებრაელი ემსხვერპლა და ისტორიაში ჰოლოკოსტის სახელით შევიდა.

1939 წელს, პოლონეთში ნაცისტების შეჭრის შემდეგ ისრაელ კრისტალი ოჯახთან ერთად ქალაქ ლოძის გეტოში დასახლდა. ოთხი წლის შემდეგ იგი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. ჰოლოკოსტის დროს კრისტალმა მეუღლე და ორი შვილი დაკარგა, თვითონ კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და 1945 წლის მაისში გათავისუფლდა. იმ დროისათვის 41 წლის მამაკაცი მხოლოდ 37 კილოგრამს იწონიდა. 1950 წელს მეორე ცოლთან და ვაჟიშვილთან ერთად ისრაელის ქალაქ ხაიფაში გადასახლდა, სადაც დღემდე ცხოვრობს.

ისრაელ კრისტალის დიდი ოჯახი

გინესის მსოფლიო რეკორდების ხელმძღვანელი მარკო ფრიგატი მსოფლიოს უხუცეს მამაკაცს სახლში ესტუმრა და სერტიფიკატი გადასცა. ფრიგატის განცხადებით, ისრაელ კრისტალის ისტორია შესანიშნავი მაგალითია იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად ღირებულია ცხოვრება და რამდენად ხანგრძლივად შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა.

„მე არ ვიცი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო. მჯერა, რომ ყველაფერი ზემოთ განისაზღვრება და მიზეზს ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ.  ჩემზე ბევრად ჭკვიანი, ძლიერი და უკეთესი ადამიანები დღეს ცოცხლები აღარ არიან. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია ის არის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა როგორც შეგვიძლია და აღვადგინოთ ის, რაც დავკარგეთ!“ – განაცხადა ინტერვიუში უხუცესმა მამაკაცმა.

პლანეტის ყველაზე მოხუცი მამაკაცი გინესის წიგნში

შეგახსენებთ, რომ ისრაელ კრისტალის წინამორბედი რეკორდსმენი იაპონელი იასუტარო კოიდე მიმდინარე წლის იანვარში, 112 წლისა და 312 დღის ასაკში გარდაიცვალა. ამჟამად, პალნეტის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი სუსანა მაშეთ ჯონსია (115 წლისა და 249 დღის), ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი კი ფრანგი ქალბატონი ჟანი კალმენტი იყო, რომელმაც 122 წელიწადი და 164 დღე იცოცხლა და 1997 წლის 4 აგვისტოს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით

ამ თემაზე:









loading...