25 March 2016

ქართველი მუსიკოსი ფორტეპიანოზე დაკვრაში რეკორდის დამყარებას შეეცდება

თამარ ბაბილუა მუსიკალური მარათონისთვის ემზადება
მუსიკოსი თამარ ბაბილუა ეროვნული რეკორდის დამყარებას შეეცდება: იგი ფორტეპიანოზე 25 საათის განმავლობაში დაუკრავს. შედეგს საქართველოს რეკორდების ფედერაცია დააფიქსირებს.

თამარ ბაბილუამ რეკორდის დამყარება 2014 წელს გადაწყვიტა, თუმცა 2015 წელს მას მე–3 სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა და მიზნის განხორციელება ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ ამ რეკორდის დამყარება საკმაოდ დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს და ამჟამადაც სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს მუსიკოსის ჯანმრთელობას.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება.  მუსიკალური მარათონი 28 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება და 29 მარტს, 13:00–ზე დასრულდება. თამარ ბაბილუა შეასრულებს ხუთასამდე კომპოზიციას, რომელიც მოიცავს როგორც საკუთარ, ისე სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებს.

თამარ ბაბილუამ ფორტეპიანოზე დაკვრა 3 წლის ასაკში დაიწყო. არის არაერთი რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. წერს სიმღერებს, ქმნის მუსიკას ფილმებისთვის, თანამშრომლობს მომღერლებთან, ხმის ჩამწერ სტუდიებთან და ბენდებთან. 2014 წლიდან არის ბენდ „ნიუტონის“ (Niutone) პიანისტი და ვოკალისტი.

ამ თემაზე:

loading...