31 March 2016

თამარ ბაბილუამ ფორტეპიანოზე დაკვრაში რეკორდი დაამყარა

თამარ ბაბილუა ამყარებს რეკორდს ფორტეპიანოზე დაკვრაში
29 წლის პიანისტმა თამარ ბაბილუამ ფორტეპიანოზე დაკვრაში ეროვნული მასშტაბის რეკორდი დაამყარა. მუსიკალურ ნაწარმოებებს იგი მთელი დღე–ღამის განმავლობაში ასრულებდა. შედეგი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსში გაიმართა. მარათონი 28 მარტს, 12:00 საათზე დაიწყო და 29 მარტს, 13:00 საათზე დასრულდა. თამარ ბაბილუამ ფორტეპიანოზე შეასრულა როგორც უცხოელი, ისე ქართველი ავტორების ნაწარმოებები, აგრეთვე საკუთარი კომპოზიციები.

თამარ ბაბილუას ინტერვიუ რუსთავი 2–თან

მთელი პროცესის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები. მათ ადგილზე დააფიქსირეს შედეგი და მუსიკოსს ეროვნული რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცეს. ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ამ ღონისძიების მნიშვნელობა გაცილებით აჭარბებდა ეროვნული რეკორდის მასშტაბებს:

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ეროვნული რეკორდი, ჩემი აზრით, მისი მნიშვნელობა გაცილებით მეტია და მსოფლიო რეკორდსაც კი აღემატება. პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოში მსგავსი რეკორდები იშვიათად მყარდება და ამ მხრივ თამარის შედეგი ერთ–ერთი გამორჩეული იყო. მეორე და უმთავრესი მიზეზი კი ის არის, რომ თამარს ეს რეკორდი ჯერ კიდევ 2014 წელს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა 2015–ში ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები შეექმნა და ამის გამო ვერ მოახერხა მიზნის განხორციელება. დღევანდელი ღონისძიებაც გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა მის ჯანმრთელობას, თუმცა, საბედნიეროდ, წარმატებით მოხერხდა რეკორდის დამყარება და საქართველოს რეკორდების სიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი შეემატა.“ – აღნიშნა ბეგიაშვილმა.

„რეკორდსმენობა კარგი შეგრძნებაა. ძალიან მიხარია, თუმცა ემოციებისგან დაცლილი ვარ და სათანადოდ ვერ გამოვხატავ. სამომავლოდ ვაპირებ სხვა სახის მუსიკალური რეკორდის მოხსნას, უკვე მსოფლიო მასშტაბით!“ განაცხადა რეკორდსმენმა.

თამარ ბაბილუამ ფორტეპიანოზე დაკვრა 3 წლის ასაკში დაიწყო. არის არაერთი რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. წერს სიმღერებს, ქმნის მუსიკას ფილმებისთვის, თანამშრომლობს მომღერლებთან, ხმის ჩამწერ სტუდიებთან და ბენდებთან. 2014 წლიდან არის ბენდ „ნიუტონის“ (Niutone) პიანისტი და ვოკალისტი.

რეკორდსმენი მუსიკოსი გულშემატკივრებთან ერთად

ამ თემაზე:

„ქართველი მუსიკოსი ფორტეპიანოზე დაკვრაში რეკორდის დამყარებას შეეცდება“

„ევროვიზია გინესის რეკორდსმენია“
loading...