ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

29 May 2016

თემურ დადიანი პარამკლავჭიდში ევროპის ვიცე–ჩემპიონი გახდა

თემურ დადიანი ევროპის ვიცე–ჩემპიონია
ქართველი პარასპორტსმენი – ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი თემურ დადიანი პარამკლავჭიდში ევროპის ვიცე–ჩემპიონი გახდა. რუმინეთში გამართულ კონტინენტის პირველობაზე 24 წლის დადიანმა ორივე მკლავით ვერცხლის მედლები მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიაც მიიღო.

პარამკლავჭიდის XIX ევროპის ჩემპიონატი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დღეს დასრულდა. თემურ დადიანმა 26 მაისს, 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ჩატარებული რვა შეხვედრიდან ექვსი მოიგო. სამწუხარო ფაქტი მოხდა ნახევარფინალში: ბელორუს ვიტალი სმალიანჩუკს თემურ დადიანთან ორთაბრძოლის დროს ხელი მოსტყდა, რამაც დადიანზე დამთრგუნველად იმოქმედა და ფინალურ ორთაბრძოლაში თურქ მეტოქესთან დამარცხდა. იხილეთ დადიანი–სმალიანჩუკის შეხვედრის ვიდეო:



აღსანიშნავია, რომ მკლავჭიდში ასეთი მასშტაბური წარმატება თემურ დადიანისთვის პირველი არ არის: შარშან, პოლონეთში გამართულ პროფესიონალური მკლავჭიდის XV მსოფლიო თასზე (Zloty Tur World Cup 2015) მან ორივე მკლავით ვიცე–ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ თემურ დადიანი ISAF–ის სამხედრო მისიის ყოფილი მონაწილე, დაჭრილი ჯარისკაცია. მან ორივე ქვედა კიდური და მარჯვენა ხელის ნეკა თითი 2011 წლის 3 აგვისტოს, ავღანეთში, ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად დაკარგა. შემთხვევიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ თემურმა უპრეცედენტო მსოფლიო რეკორდი დაამყარა ე.წ. „ფლენჩ“ (Planche) აზიდვებში, მოგვიანებით კი საკუთარი შედეგი გააუმჯობესა. ამჟამად მსახურობს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, პარალელურად სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ამ თემაზე:

„თემურ დადიანი პარამკლავჭიდში მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონია“

„იმედის გმირი“ – თემურ დადიანი“

„თემურ დადიანმა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)“

„კაპრალმა თემურ დადიანმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა“

„თემურ დადიანი „რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების“ კომიქსებში მოხვდა“

„თემურ დადიანის რეკორდი 2014 წლის ტოპ ათეულშია“

„თემურ დადიანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა“

28 May 2016

დავით წიკლაურმა ბაგირზე ცოცვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

დავით წიკლაური ამყარებს რეკორდს ბაგირზე ასვლაში
48 წლის დავით წიკლაურმა ბაგირზე ცოცვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ასპარეზობა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, დუშეთში მდებარე სპორტულ კომპლექს „ოლიმპიურ სახლში“ ჩატარდა.

რეკორდის მიზანი 5 მეტრი სიგრძის ბაგირზე ბურთის თანხლებით უსწრაფესად ასვლა იყო. სარეკორდო ნორმად 30 წამი იყო განსაზღვრული, თუმცა დავით წიკლაურმა მოცემული დისტანცია ზუსტად 10.22 წამში დაფარა.

– „ამ რეკორდისთვის მზადება შვიდი თვის უკან დავიწყე. ვთვლი, რომ ფიზიკურთან ერთად ფსიქოლოგიური მომზადებაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად. დღემდე აქტიურად ვვარჯიშობდი, ამიტომ რეკორდის დამყარება არ გამჭირვებია“ – აღნიშნა დავით წიკლაურმა.

დავით წიკლაური ბაგირზე ბურთით 10 წამში ავიდა

ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად ღონისძიებას დაესწრო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ვაჟა ჩოხელი:

– „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს რეკორდი შედგა და იმედს ვიტოვებთ, რომ ბატონი დავითი მომავალშიც გაგვახარებს მსგავსი წარმატებებით. დუშეთის მუნიციპალიტეტი მუდმივად მზად არის, მხარი დაუჭიროს ასეთ წარმატებულ სპორტსმენებს“ – განაცხადა მან.

ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის განცხადებით, მსგავსი რეკორდი საქართველოში პირველად დამყარდა:

– „ბაგირზე ცოცვა ერთ–ერთი რთული ვარჯიშია, შესაბამისად, რეკორდებიც  იშვიათად მყარდება. აღსანიშნავია, რომ ამ სახეობის რეკორდი საქართველოში პირველად დაფიქსირდა. ბატონი დავით წიკლაური აგრძელებს ვარჯიშს და იმედი გვაქვს, რომ და მალე კიდევ უფრო რთულ რეკორდს დავაფიქსირებთ“ – განაცხადა დავით ბეგიაშვილმა.

რეკორდების ფედერაციის მსაჯები "ოლიმპიურ სახლში"

დავით წიკლაური 1967 წლის 2 ივნისს, დუშეთში დაიბადა. ვარჯიში ადრეულ ასაკში დაიწყო. არის საბჭოთა კავშირის ტურნირებისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ძიუდოსა და სამბოში. მინიჭებული აქვს სპორტის ოსტატის წოდება. მისთვის ეს რეკორდი პირველია.

ამ თემაზე:

„დუშეთში მცხოვრები დავით წიკლაური რეკორდის დამყარებას შეეცდება“

25 May 2016

დუშეთში მცხოვრები დავით წიკლაური რეკორდის დამყარებას შეეცდება

დუშეთში მცხოვრები 48 წლის დავით წიკლაური ბაგირზე ცოცვაში მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს რეკორდების ფედერაცია, მხარდამჭერი კი – დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

ასპარეზობა ხვალ – 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, დუშეთში მდებარე სპორტულ კომპლექს „ოლიმპიურ სახლში“, 14:00 საათზე ჩატარდება. დავით წიკლაურის მიზანია 5 მეტრი სიგრძის ბაგირზე უმოკლეს დროში ასვლა. რეკორდს განსაკუთრებულად ართულებს ის გარემოება, რომ ცდის განმავლობაში სპორტსმენმა წონასწორობა უნდა დაიცვას წვივებზე მოთავსებული ბურთით.

დავით წიკლაური 1967 წლის 2 ივნისს, დუშეთში დაიბადა. ვარჯიში ადრეულ ასაკში დაიწყო. არის საბჭოთა კავშირის ტურნირებისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ძიუდოსა და სამბოში. მინიჭებული აქვს სპორტის ოსტატის წოდება.

ამ თემაზე:

22 May 2016

ვლადიმერ მისაბიშვილი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში მსოფლიო რეკორდსმენია

ვლადიმერ მისაბიშვილს რეკორდების ფედერაციის სერტიფიკატი გადაეცა
აფხაზეთიდან დევნილმა, 64 წლის ვლადიმერ მისაბიშვილმა ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა: მან 100–ნიშნა რიცხვიდან 23–ე ხარისხის ფესვი უმოკლეს დროში გამოიანგარიშა.

სარეკორდო გამოცდა პარასკევს – 20 მაისს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა. ვლადიმერ მისაბიშვილს ამოსახსნელად სამი მაგალითი მიეცა. ყველაზე ეფექტური შედეგი მეორე ცდაზე დაფიქსირდა – მისაბიშვილმა 100–ნიშნა რიცხვიდან 23–ე ხარისხის ფესვის გამოთვლას ზუსტად 32 წამი მოანდომა.

– „ზუსტი შედეგის გამოცნობა, რა თქმა უნდა, რთულია! გამოთვლის პროცესში მეხმარება როგორც ლოგიკური აზროვნება, ისე ინტუიცია. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებ, ბევრი მონახაზი მაქვს და ვეცდები, რომ ყველა ჩანაფიქრს ხორცი შევასხა“ – განაცხადა ვლადიმერ მისაბიშვილმა.

რეკორდის დამყარების პროცესს რეკორდების ფედერაციის მსაჯებთან ერთად აკვირდებოდნენ საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის, ტექნიკური უნივერსიტეტისა და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის პროფესორები.

ვლადიმერ მისაბიშვილი ასრულებს ზეპირ გამოთვლას 100–ციფრიანი რიცხვიდან

– „ეს ღონისძიება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათემატიკური გამოთვლის სახეობაში ოფიციალური რეკორდი  საქართველოში დღეს პირველად დაფიქსირდა. იმედი გვაქვს, რომ ბატონი ვლადიმერი კიდევ გააუმჯობესებს საკუთარ შედეგს. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ახალი მსოფლიო რეკორდების მიღწევაში“ – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა.

– „ეს ფაქტი ადამიანის უნიკალური გონებრივი შესაძლებლობების ნათელი დადასტურებაა. ვულოცავ ბატონ ვლადიმერს დღევანდელ წარმატებას და ვურჩევ, რომ გამოაქვეყნოს საკუთარი ალგორითმი და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო გასაგები გახადოს მისი არსი“ – აღნიშნა მათემატიკოსთა კავშირის ვიცე–პრეზიდენტმა, პროფესორმა ოთარ ჭკადუამ.

სოზარ სუბარმა მისაბიშვილს სერტიფიკატი გადასცა

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია. მინისტრმა მისაბიშვილს საქართველოს რეკორდების ფედერაციის სერტიფიკატი გადასცა და წარმატება მიულოცა:

– „დაუჯერებელია ის შედეგი, რომელსაც ბატონი ვლადიმერი ასე მოკლე დროში იღებს. ჩვენ მომავალშიც ჩავერთვებით და ხელს შევუწყობთ, რათა ეს მიღწევა კიდევ უფრო ფართო მასშტაბით გახდეს ცნობილი“ – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ვლადიმერ მისაბიშვილი 1951 წლის 29 აგვისტოს, სოხუმში დაიბადა.  1975 წელს დაამთავრა ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის) საინჟინრო ფაკულტეტი. მათემატიკური მიმართულებით არასოდეს უმუშავია. მისთვის ეს სარეკორდო ღონისძიება პირველია.

ამ თემაზე:

„აფხაზეთიდან დევნილი ინჟინერი მათემატიკურ გამოთვლაში რეკორდის დამყარებას შეეცდება“

„ვატო აბაშიძე – ახალი პოტენციური რეკორდსმენი (ვიდეო)“

20 May 2016

აფხაზეთიდან დევნილი ინჟინერი მათემატიკურ გამოთვლაში რეკორდის დამყარებას შეეცდება

ვლადიმერ მისაბიშვილი მათემატიკურ გამოთვლაში რეკორდს დაამყარებს
აფხაზეთიდან დევნილი, 64 წლის ვლადიმერ მისაბიშვილი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად ემზადება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს რეკორდების ფედერაცია, მხარდამჭერები – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი.

ღონისძიება 20 მაისს, 11:00 საათზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. რეკორდის მიზანია 100–ციფრიანი რიცხვიდან ზეპირი გაანგარიშებით 23–ე ხარისხის ფესვის ამოყვანა მაქსიმალურად მოკლე დროში. წესების თანახმად, ვლადიმერ მისაბიშვილს ამოსახსნელად მიეცემა სამი მაგალითი, მიღებული რეზულტატებიდან საუკეთესო კი დაფიქსირდება მსოფლიო რეკორდად და გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს.

რეკორდების ფედერაციის მსაჯებთან ერთად, ვლადიმერ მისაბიშვილის გამოთვლას დააკვირდებიან საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პროფესორები.

ვლადიმერ მისაბიშვილი 1951 წლის 29 აგვისტოს, სოხუმში დაიბადა.  1975 წელს დაამთავრა ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის) საინჟინრო ფაკულტეტი. მათემატიკური მიმართულებით არასოდეს უმუშავია. მისთვის ეს სარეკორდო ღონისძიება პირველი იქნება.

ამ თემაზე:

„ვატო აბაშიძე – ახალი პოტენციური რეკორდსმენი (ვიდეო)“

19 May 2016

მაიორმა იოსებ კობახიძემ მორიგი რეკორდი დაამყარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა – მაიორმა იოსებ კობახიძემ ორძელზე ვარჯიშში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ღონისძიება სუს–ის სპორტულ დარბაზში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ კობახიძისთვის ეს უკვე მეორე რეკორდია: გასულ წელს მან ამოტრიალებულ მტევნებზე, 29–კილოგრამიანი ზურგჩანთით წუთში 63–ჯერ აიზიდა და ამ სახეობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ამჯერად, რეკორდსმენობის კანდიდატს 45.36–კილოგრამიანი (100 ფუნტი) ზურგჩანთით ერთი წუთის განმავლობაში ორძელზე მაქსიმალური რაოდენობის აზიდვები უნდა შეესრულებინა. მოქმედი რეკორდი – 28 აზიდვა ბრიტანეთის მოქალაქე ეჩოი ნგოს ეკუთვნოდა. იოსებ კობახიძემ პირველ 31 წამში ზედიზედ 30 აზიდვა შეასრულა, მცირე შესვენების შემდეგ კი კიდევ 4 მოძრაობა დაამატა და საბოლოო ჯამში, ინგლისელის შედეგი ექვსი ერთეულით გააუმჯობესა.

– „ამ დღისთვის სამი თვის განმავლობაში ვემზადებოდი, მომზადება დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, თუმცა შეჩერებას არ ვაპირებ და შემდეგში ახალი რეკორდების მოხსნას შევეცდები. მადლობას ვუხდი საქართველოს რეკორდების ფედერაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და თითოეულ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა რეკორდის დამყარების დროს!“ – განაცხადა იოსებ კობახიძემ.

– „ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე რთული რეკორდი, რომელიც დამყარდა საქართველოში. იოსებ კობახიძე აგრძელებს ვარჯიშს და ჩვენ მზად ვართ მისი ახალი შედეგების დასაფიქსირებლად. საქართველოს რეკორდების ფედერაციის სახელით მადლობას ვუხდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის“ – აღნიშნა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა.

იოსებ კობახიძე 1985 წლის 11 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში დაიბადა. 1998–2005 წლებში ვარჯიშობდა ჭიდაობა ძიუდოში. არის რაიონული, რეგიონული და რესპუბლიკური მასშტაბის შეჯიბრების მონაწილე, ბავშვთა სპარტაკიადის პრიზიორი და საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის.

ამ თემაზე:

„სუს–ის თანამშრომელი ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება“

„პოლიციის მაიორმა იოსებ კობახიძემ რეკორდი დაამყარა“

18 May 2016

სუს–ის თანამშრომელი ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება

იოსებ კობახიძე – პირველი რეკორდის სერტიფიკატი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი – მაიორი იოსებ კობახიძე ორძელზე ვარჯიშში მსოფლიო რეკორდის მოხსნას შეეცდება. ღონისძიება დღეს, 13:00 საათზე, უწყების სპორტულ დარბაზში ჩატარდება. შედეგს საქართველოს რეკორდების ფედერაცია დააფიქსირებს.

იოსებ კობახიძისთვის ეს უკვე მეორე ასპარეზობაა: პირველი რეკორდი მან გასულ წელს, წოლბჯენში აზიდვების შესრულებაში დაამყარა, ამჯერად კი ორძელზე ვარჯიშში შეეცდება საუკეთესო შედეგის მიღწევას: ნორმატივების მიხედვით, მან 100–ფუნტიანი (45.36 კგ) ტვირთით წუთში 28–ზე მეტი მოძრაობა უნდა შეასრულოს. მოქმედი რეკორდი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ეჩოი ნგოს ეკუთვნის.

იოსებ კობახიძე 1985 წლის 11 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში დაიბადა. 1998–2005 წლებში ვარჯიშობდა ჭიდაობა ძიუდოში. არის რაიონული, რეგიონული და რესპუბლიკური მასშტაბის შეჯიბრების მონაწილე, ბავშვთა სპარტაკიადის პრიზიორი და საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის.

ამ თემაზე:

„პოლიციის მაიორმა იოსებ კობახიძემ რეკორდი დაამყარა“

17 May 2016

გურამ უსტიაშვილის სარეკორდო ღონისძიება რამდენიმე დღით გადაიდო

გუგა უსტიაშვილი კბილებით ეწევა ერთმანეთე გადაბმულ 4 ავტომობილს
დღეისთვის დაგეგმილი სარეკორდო ღონისძიება, რომელზეც ძალოსანი გურამ უსტიაშვილი კბილებით ავტომობილების გაწევას აპირებდა, გადაიდო. რეკორდის დამყარებას ხელი ტექნიკურმა ხარვეზებმა და პირობების სირთულემ შეუშალა.

შეგახსენებთ, რომ გურამ უსტიაშვილს დღეს, მეტეხის ტაძრის ეზოში, ერთმანეთზე გადაბმული ოთხი ავტომობილი კბილებით უნდა გაეწია. ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მიზანი ვერ განხორციელდა. მთავარი ხელისშემშლელი მიზეზი რელიეფის არაერთგვაროვნება გახდა –ავტომობილების გადაადგილება უსწორმასწორო ქვაფენილზე შეუძლებელი აღმოჩნდა და რეკორდის დამყარება რამდენიმე დღით გადაიდო.

გურამ უსტიაშვილი 1994 წლის 11 მარტს, თბილისში დაიბადა. ვარჯიში 4 წლის ასაკში დაიწყო. რეკორდსმენის ტიტული 2013 წელს მოიპოვა, როდესაც კბილებით ერთმანეთზე გადაბმული სამი ავტომობილი გაწია.

ამ თემაზე:




16 May 2016

გურამ უსტიაშვილი კბილებით ოთხი ავტომობილის გაწევას შეეცდება

ძალოსანი გურამ უსტიაშვილი ამყარებს რეკორდს კბილებით ავტომობილების გაწევაში
22 წლის ძალოსანი გურამ უსტიაშვილი ახალი მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად, კბილებით ოთხი ავტომობილის გაწევას შეეცდება. პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია დააკვირდება.

ღონისძიება ხვალ – 17 მაისს, 14:00 საათზე, მეტეხის ეკლესიის ეზოში ჩატარდება. წესების თანახმად, პრეტენდენტმა კბილებით მინიმუმ 3 მეტრ მანძილზე უნდა გადაადგილოს ერთმანეთზე გადაბმული მაქსიმალური რაოდენობის სატრანსპორტო საშუალება.

გურამ უსტიაშვილისთვის ეს ასპარეზობა პირველი არ არის – მისი დებიუტი 2013 წელს, „თბილისობის“ დღესასწაულზე შედგა: ჟურნალ "აუტო ბილდის" მიერ ორგანიზებულ ავტოშოუზე მან კბილებით ერთდროულად სამი ავტომობილი გაწია. რეზულტატი ადგილზე დააფიქსირა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ.

ამ თემაზე:

„ძალოსანმა გურამ უსტიაშვილმა კბილებით 3 ავტომობილი გაწია“