20 May 2016

აფხაზეთიდან დევნილი ინჟინერი მათემატიკურ გამოთვლაში რეკორდის დამყარებას შეეცდება

ვლადიმერ მისაბიშვილი მათემატიკურ გამოთვლაში რეკორდს დაამყარებს
აფხაზეთიდან დევნილი, 64 წლის ვლადიმერ მისაბიშვილი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად ემზადება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს რეკორდების ფედერაცია, მხარდამჭერები – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი.

ღონისძიება 20 მაისს, 11:00 საათზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. რეკორდის მიზანია 100–ციფრიანი რიცხვიდან ზეპირი გაანგარიშებით 23–ე ხარისხის ფესვის ამოყვანა მაქსიმალურად მოკლე დროში. წესების თანახმად, ვლადიმერ მისაბიშვილს ამოსახსნელად მიეცემა სამი მაგალითი, მიღებული რეზულტატებიდან საუკეთესო კი დაფიქსირდება მსოფლიო რეკორდად და გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს.

რეკორდების ფედერაციის მსაჯებთან ერთად, ვლადიმერ მისაბიშვილის გამოთვლას დააკვირდებიან საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პროფესორები.

ვლადიმერ მისაბიშვილი 1951 წლის 29 აგვისტოს, სოხუმში დაიბადა.  1975 წელს დაამთავრა ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის) საინჟინრო ფაკულტეტი. მათემატიკური მიმართულებით არასოდეს უმუშავია. მისთვის ეს სარეკორდო ღონისძიება პირველი იქნება.

ამ თემაზე:

„ვატო აბაშიძე – ახალი პოტენციური რეკორდსმენი (ვიდეო)“
loading...