28 May 2016

დავით წიკლაურმა ბაგირზე ცოცვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

დავით წიკლაური ამყარებს რეკორდს ბაგირზე ასვლაში
48 წლის დავით წიკლაურმა ბაგირზე ცოცვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ასპარეზობა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, დუშეთში მდებარე სპორტულ კომპლექს „ოლიმპიურ სახლში“ ჩატარდა.

რეკორდის მიზანი 5 მეტრი სიგრძის ბაგირზე ბურთის თანხლებით უსწრაფესად ასვლა იყო. სარეკორდო ნორმად 30 წამი იყო განსაზღვრული, თუმცა დავით წიკლაურმა მოცემული დისტანცია ზუსტად 10.22 წამში დაფარა.

– „ამ რეკორდისთვის მზადება შვიდი თვის უკან დავიწყე. ვთვლი, რომ ფიზიკურთან ერთად ფსიქოლოგიური მომზადებაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად. დღემდე აქტიურად ვვარჯიშობდი, ამიტომ რეკორდის დამყარება არ გამჭირვებია“ – აღნიშნა დავით წიკლაურმა.

დავით წიკლაური ბაგირზე ბურთით 10 წამში ავიდა

ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად ღონისძიებას დაესწრო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ვაჟა ჩოხელი:

– „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს რეკორდი შედგა და იმედს ვიტოვებთ, რომ ბატონი დავითი მომავალშიც გაგვახარებს მსგავსი წარმატებებით. დუშეთის მუნიციპალიტეტი მუდმივად მზად არის, მხარი დაუჭიროს ასეთ წარმატებულ სპორტსმენებს“ – განაცხადა მან.

ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის განცხადებით, მსგავსი რეკორდი საქართველოში პირველად დამყარდა:

– „ბაგირზე ცოცვა ერთ–ერთი რთული ვარჯიშია, შესაბამისად, რეკორდებიც  იშვიათად მყარდება. აღსანიშნავია, რომ ამ სახეობის რეკორდი საქართველოში პირველად დაფიქსირდა. ბატონი დავით წიკლაური აგრძელებს ვარჯიშს და იმედი გვაქვს, რომ და მალე კიდევ უფრო რთულ რეკორდს დავაფიქსირებთ“ – განაცხადა დავით ბეგიაშვილმა.

რეკორდების ფედერაციის მსაჯები "ოლიმპიურ სახლში"

დავით წიკლაური 1967 წლის 2 ივნისს, დუშეთში დაიბადა. ვარჯიში ადრეულ ასაკში დაიწყო. არის საბჭოთა კავშირის ტურნირებისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ძიუდოსა და სამბოში. მინიჭებული აქვს სპორტის ოსტატის წოდება. მისთვის ეს რეკორდი პირველია.

ამ თემაზე:

„დუშეთში მცხოვრები დავით წიკლაური რეკორდის დამყარებას შეეცდება“
loading...