25 May 2016

დუშეთში მცხოვრები დავით წიკლაური რეკორდის დამყარებას შეეცდება

დუშეთში მცხოვრები 48 წლის დავით წიკლაური ბაგირზე ცოცვაში მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს რეკორდების ფედერაცია, მხარდამჭერი კი – დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

ასპარეზობა ხვალ – 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, დუშეთში მდებარე სპორტულ კომპლექს „ოლიმპიურ სახლში“, 14:00 საათზე ჩატარდება. დავით წიკლაურის მიზანია 5 მეტრი სიგრძის ბაგირზე უმოკლეს დროში ასვლა. რეკორდს განსაკუთრებულად ართულებს ის გარემოება, რომ ცდის განმავლობაში სპორტსმენმა წონასწორობა უნდა დაიცვას წვივებზე მოთავსებული ბურთით.

დავით წიკლაური 1967 წლის 2 ივნისს, დუშეთში დაიბადა. ვარჯიში ადრეულ ასაკში დაიწყო. არის საბჭოთა კავშირის ტურნირებისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ძიუდოსა და სამბოში. მინიჭებული აქვს სპორტის ოსტატის წოდება.

ამ თემაზე:
loading...