19 May 2016

მაიორმა იოსებ კობახიძემ მორიგი რეკორდი დაამყარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა – მაიორმა იოსებ კობახიძემ ორძელზე ვარჯიშში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ღონისძიება სუს–ის სპორტულ დარბაზში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ კობახიძისთვის ეს უკვე მეორე რეკორდია: გასულ წელს მან ამოტრიალებულ მტევნებზე, 29–კილოგრამიანი ზურგჩანთით წუთში 63–ჯერ აიზიდა და ამ სახეობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ამჯერად, რეკორდსმენობის კანდიდატს 45.36–კილოგრამიანი (100 ფუნტი) ზურგჩანთით ერთი წუთის განმავლობაში ორძელზე მაქსიმალური რაოდენობის აზიდვები უნდა შეესრულებინა. მოქმედი რეკორდი – 28 აზიდვა ბრიტანეთის მოქალაქე ეჩოი ნგოს ეკუთვნოდა. იოსებ კობახიძემ პირველ 31 წამში ზედიზედ 30 აზიდვა შეასრულა, მცირე შესვენების შემდეგ კი კიდევ 4 მოძრაობა დაამატა და საბოლოო ჯამში, ინგლისელის შედეგი ექვსი ერთეულით გააუმჯობესა.

– „ამ დღისთვის სამი თვის განმავლობაში ვემზადებოდი, მომზადება დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, თუმცა შეჩერებას არ ვაპირებ და შემდეგში ახალი რეკორდების მოხსნას შევეცდები. მადლობას ვუხდი საქართველოს რეკორდების ფედერაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და თითოეულ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა რეკორდის დამყარების დროს!“ – განაცხადა იოსებ კობახიძემ.

– „ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე რთული რეკორდი, რომელიც დამყარდა საქართველოში. იოსებ კობახიძე აგრძელებს ვარჯიშს და ჩვენ მზად ვართ მისი ახალი შედეგების დასაფიქსირებლად. საქართველოს რეკორდების ფედერაციის სახელით მადლობას ვუხდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის“ – აღნიშნა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა.

იოსებ კობახიძე 1985 წლის 11 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში დაიბადა. 1998–2005 წლებში ვარჯიშობდა ჭიდაობა ძიუდოში. არის რაიონული, რეგიონული და რესპუბლიკური მასშტაბის შეჯიბრების მონაწილე, ბავშვთა სპარტაკიადის პრიზიორი და საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის.

ამ თემაზე:

„სუს–ის თანამშრომელი ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება“

„პოლიციის მაიორმა იოსებ კობახიძემ რეკორდი დაამყარა“
loading...