29 May 2016

თემურ დადიანი პარამკლავჭიდში ევროპის ვიცე–ჩემპიონი გახდა

თემურ დადიანი ევროპის ვიცე–ჩემპიონია
ქართველი პარასპორტსმენი – ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი თემურ დადიანი პარამკლავჭიდში ევროპის ვიცე–ჩემპიონი გახდა. რუმინეთში გამართულ კონტინენტის პირველობაზე 24 წლის დადიანმა ორივე მკლავით ვერცხლის მედლები მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიაც მიიღო.

პარამკლავჭიდის XIX ევროპის ჩემპიონატი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დღეს დასრულდა. თემურ დადიანმა 26 მაისს, 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ჩატარებული რვა შეხვედრიდან ექვსი მოიგო. სამწუხარო ფაქტი მოხდა ნახევარფინალში: ბელორუს ვიტალი სმალიანჩუკს თემურ დადიანთან ორთაბრძოლის დროს ხელი მოსტყდა, რამაც დადიანზე დამთრგუნველად იმოქმედა და ფინალურ ორთაბრძოლაში თურქ მეტოქესთან დამარცხდა. იხილეთ დადიანი–სმალიანჩუკის შეხვედრის ვიდეო:



აღსანიშნავია, რომ მკლავჭიდში ასეთი მასშტაბური წარმატება თემურ დადიანისთვის პირველი არ არის: შარშან, პოლონეთში გამართულ პროფესიონალური მკლავჭიდის XV მსოფლიო თასზე (Zloty Tur World Cup 2015) მან ორივე მკლავით ვიცე–ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ თემურ დადიანი ISAF–ის სამხედრო მისიის ყოფილი მონაწილე, დაჭრილი ჯარისკაცია. მან ორივე ქვედა კიდური და მარჯვენა ხელის ნეკა თითი 2011 წლის 3 აგვისტოს, ავღანეთში, ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად დაკარგა. შემთხვევიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ თემურმა უპრეცედენტო მსოფლიო რეკორდი დაამყარა ე.წ. „ფლენჩ“ (Planche) აზიდვებში, მოგვიანებით კი საკუთარი შედეგი გააუმჯობესა. ამჟამად მსახურობს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, პარალელურად სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ამ თემაზე:

„თემურ დადიანი პარამკლავჭიდში მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონია“

„იმედის გმირი“ – თემურ დადიანი“

„თემურ დადიანმა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)“

„კაპრალმა თემურ დადიანმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა“

„თემურ დადიანი „რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების“ კომიქსებში მოხვდა“

„თემურ დადიანის რეკორდი 2014 წლის ტოპ ათეულშია“

„თემურ დადიანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა“
loading...