22 May 2016

ვლადიმერ მისაბიშვილი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში მსოფლიო რეკორდსმენია

ვლადიმერ მისაბიშვილს რეკორდების ფედერაციის სერტიფიკატი გადაეცა
აფხაზეთიდან დევნილმა, 64 წლის ვლადიმერ მისაბიშვილმა ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა: მან 100–ნიშნა რიცხვიდან 23–ე ხარისხის ფესვი უმოკლეს დროში გამოიანგარიშა.

სარეკორდო გამოცდა პარასკევს – 20 მაისს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა. ვლადიმერ მისაბიშვილს ამოსახსნელად სამი მაგალითი მიეცა. ყველაზე ეფექტური შედეგი მეორე ცდაზე დაფიქსირდა – მისაბიშვილმა 100–ნიშნა რიცხვიდან 23–ე ხარისხის ფესვის გამოთვლას ზუსტად 32 წამი მოანდომა.

– „ზუსტი შედეგის გამოცნობა, რა თქმა უნდა, რთულია! გამოთვლის პროცესში მეხმარება როგორც ლოგიკური აზროვნება, ისე ინტუიცია. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებ, ბევრი მონახაზი მაქვს და ვეცდები, რომ ყველა ჩანაფიქრს ხორცი შევასხა“ – განაცხადა ვლადიმერ მისაბიშვილმა.

რეკორდის დამყარების პროცესს რეკორდების ფედერაციის მსაჯებთან ერთად აკვირდებოდნენ საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის, ტექნიკური უნივერსიტეტისა და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის პროფესორები.

ვლადიმერ მისაბიშვილი ასრულებს ზეპირ გამოთვლას 100–ციფრიანი რიცხვიდან

– „ეს ღონისძიება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათემატიკური გამოთვლის სახეობაში ოფიციალური რეკორდი  საქართველოში დღეს პირველად დაფიქსირდა. იმედი გვაქვს, რომ ბატონი ვლადიმერი კიდევ გააუმჯობესებს საკუთარ შედეგს. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ახალი მსოფლიო რეკორდების მიღწევაში“ – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა.

– „ეს ფაქტი ადამიანის უნიკალური გონებრივი შესაძლებლობების ნათელი დადასტურებაა. ვულოცავ ბატონ ვლადიმერს დღევანდელ წარმატებას და ვურჩევ, რომ გამოაქვეყნოს საკუთარი ალგორითმი და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო გასაგები გახადოს მისი არსი“ – აღნიშნა მათემატიკოსთა კავშირის ვიცე–პრეზიდენტმა, პროფესორმა ოთარ ჭკადუამ.

სოზარ სუბარმა მისაბიშვილს სერტიფიკატი გადასცა

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია. მინისტრმა მისაბიშვილს საქართველოს რეკორდების ფედერაციის სერტიფიკატი გადასცა და წარმატება მიულოცა:

– „დაუჯერებელია ის შედეგი, რომელსაც ბატონი ვლადიმერი ასე მოკლე დროში იღებს. ჩვენ მომავალშიც ჩავერთვებით და ხელს შევუწყობთ, რათა ეს მიღწევა კიდევ უფრო ფართო მასშტაბით გახდეს ცნობილი“ – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ვლადიმერ მისაბიშვილი 1951 წლის 29 აგვისტოს, სოხუმში დაიბადა.  1975 წელს დაამთავრა ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის) საინჟინრო ფაკულტეტი. მათემატიკური მიმართულებით არასოდეს უმუშავია. მისთვის ეს სარეკორდო ღონისძიება პირველია.

ამ თემაზე:

„აფხაზეთიდან დევნილი ინჟინერი მათემატიკურ გამოთვლაში რეკორდის დამყარებას შეეცდება“

„ვატო აბაშიძე – ახალი პოტენციური რეკორდსმენი (ვიდეო)“
loading...