06 August 2016

ქართველმა რეკორდსმენებმა RHR Cup–ის შეჯიბრზე იასპარეზეს

ფედერაციის სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრზე
31 ივლისს საქართველოს რეკორდების ფედერაციის სპორტსმენები “რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასის” შეჯიბრში ჩაერთვნენ და ძალისმიერი სპორტის სახეობებში საკუთარი შედეგები დააფიქსირეს. შეჯიბრის გამარჯვებულები ორი კვირის განმავლობაში გამოვლინდებიან.

“რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასი” (RHR Cup 2016) საერთაშორისო გუნდური ტურნირია, სადაც მონაწილეები ერთმანეთს რეკორდების დამყარებაში ეჯიბრებიან. ღონისძიებები დისტანციურად, სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, გამარჯვებულს კი, მიღებული ქულათა რაოდენობის მიხედვით, უმაღლესი მიღწევების მარეგისტრირებელი საერთაშორის ორგანიზაციის – “რეკორდსმენთა რესპუბლიკის” ხელმძღვანელები გამოავლენენ.

წლევანდელ ღონისძიებაში საქართველოდან ხუთმა რეკორდსმენმა რვა სახის შეჯიბრში იასპარეზა. მათ შორის ყველაზე მეტი, 3–3 “ჩელენჯი” დავით ჟორჟოლიანმა და გიორგი როსტომაშვილმა შეასრულეს. ჟორჟოლიანმა 50–მეტრიანი მანძილი 55 კგ წონის ზურგჩანთით 10.59 წამში გაირბინა, 14 კგ ტვირთით 2.57–მეტრიანი ნახტომი შეასრულა, სამმაგი ნახტომით კი ჯამში  6.02 მეტრი დაფარა. გიორგი როსტომაშვილმა კეფაზე ჩამოკიდებული 25–კილოგრამიანი სიმძიმით 25 მეტრი 6.34 წამში გაირბინა, ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ამოწია წვივებზე მოთავსებული შტანგის 25–კილოგრამიანი ფილა და იმავე წონის ტვირთის “ფლიპინგში” ორივე ხელით წუთში 42 მოძრაობა გააკეთა. დავით ბეგიაშვილმა ლახტით (სახტუნაოთი) ცალ ფეხზე წუთში 138 გატარება შეასრულა. მერაბ არავიაშვილმა და ირაკლი ვეკუამ ერთსა და იმავე სახეობაში იასპარეზეს: აზიდვაში, ორძელში, მუცლის პრესის ვარჯიშში და ჰორიზონტალური მდგომარეობიდან 90–გრადუსიანი კუთხით ფეხების ამოწევაში50–50 გამეორება არავიაშვილმა 4.15 წუთში მოასწრო, ვეკუამ კი  4.16–ში. შედეგები უკვე გაიგზავნა დიდ ბრიტანეთში, სადაც ორი კვირის განმავლობაში შეჯიბრის რეზულტატები შეჯერდება და გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

დავით ჟორჟოლიანი და გიორგი როსტომაშვილი

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს რეკორდების ფედერაციის სპორტსმენებმა “რეკორდსმენთა თასზე” წარმატებულად იასპარეზეს: სამდღიან ღონისძიებაზე 18 მსოფლიო რეკორდი დამყარდა, შედეგად ფედერაციამ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, ინდივიდუალური რეზულტატების მიხედვით კი პირველ ადგილზე გიორგი როსტომაშვილი გავიდა.

ამ თემაზე:

“ქართველმა რეკორდსმენებმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს”

“ქართველი რეკორდსმენების წარმატება „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე”

“ქართველმა რეკორდსმენებმა 3 დღეში 18 რეკორდი დაამყარეს”

“ქართველი რეკორდსმენები „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“ იასპარეზებენ”

loading...