04 September 2016

ქართველი დიჯეი გინესის რეკორდის მოხსნას შეეცდება

ვაჟიკო მელიქიძე დიჯეი მარათონისთვის ემზადება
ქართველი დიჯეი – ვაჟიკო მელიქიძე (DJ VajikoM) გინესის რეკორდის მოსახსნელად ემზადება: 21 წლის მუსიკოსი მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი დიჯეი–მარათონის გამართვას გეგმავს. პროექტის სპონსორები არიან: Karlito Studio და Alma Records–ი.

მარათონი ხვალ – 5 სექტემბერს თბილისში, კლუბ “კაბანაში” აიღებს სტარტს. სარეკორდო დროის ათვლა 10:00 საათზე დაიწყება. გინესის მოთხოვნების თანახმად, დიჯეი ვაჟიკომ არანაკლებ 200 საათის განმავლობაში შეუჩერებლად უნდა დაუკრას. მას მხოლოდ 5–წუთიანი შესვენებების გამოყენების უფლება აქვს ყოველი სრული ერთსაათიანი მუშაობის შემდეგ.

რეკორდის დამყარების პროცესს უწყვეტ რეჟიმში დააკვირდებიან საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები. ღონისძიებისთვის თვალყურის დევნება ინტერნეტის საშუალებითაც იქნება შესაძლებელი: მთლიანი მარათონი ფედერაციის ვებ–გვერდზე, პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

აღსანიშნავია, რომ დიჯეი ვაჟიკოსთვის ეს პირველი სარეკორდო მცდელობა არ არის. გასულ წელს მან უკრაინაში შეუჩერებლად 50 საათისა და 50 წუთის განმავლობაში დაუკრა.

ამ თემაზე:

“თამარ ბაბილუამ ფორტეპიანოზე დაკვრაში რეკორდი დაამყარა”
loading...