22 September 2016

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ზურაბ ლუხოშვილი – რეკორდსმენი
შსს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა  – კაპიტანმა ზურაბ ლუხოშვილმა ე.წ. “ჩაჯდომებში” მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ღონისძიება საქართველოს კუდოს ფედერაციის მხარდაჭერით თბილისში, სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ში” ჩატარდა.

რეკორდის მოსახსნელად სპორტსმენს, 80 ფუნტი (36.3 კგ) წონის ზურგჩანთით წუთში სულ მცირე 43–ზე მეტი ჩაჯდომა უნდა შეესრულებინა. მოქმედი რეკორდი – 42 ჩაჯდომა, იტალიის მოქალაქე სილვიო საბას ეკუთვნოდა, მისი წინამორბედი კი ბრიტანელი პედი დოილი იყო, 40 ერთეულით. ზურაბ ლუხოშვილს მიზნის მიღწევა არ გასჭირვებია: მან 60 წამის განმავლობაში 63 ჩაჯდომის გაკეთება მოასწრო და გინესის მსოფლიო რეკორდების ნორმატივს 20 ერთეულით გადააჭარბა. შედეგი ადგილზე დააფიქსირეს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა.

ზურაბ ლუხოშვილი ასრულებს ჩაჯდომებს 36.4 კგ ჩანთით

კუდოს ფედერაცია

– “რეკორდის მოხსნა ჩემთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, თუმცა ამ შედეგის მისაღწევად დაახლოებით ექვსთვიანი მომზადება დამჭირდა. ვარჯიშს ვაგრძელებ და იმედი მაქვს, მომავალში ახალი რეკორდების დამყარებასაც შევძლებ. მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს კუდოს ფედერაციას და მის ხელმძღვანელებს – ბატონ ალექსი ფილფანს და დავით ხახუტაშვილს” – განაცხადა რეკორდსმენმა.

– “ზურაბ ლუხოშვილის წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი, თუმცა ასეთ მაღალ შედეგს არ ველოდი: თითოეულ ჩაჯდომას ერთ წამზე ნაკლებ დროში ასრულებდა და შესვენება საერთოდ არ გამოუყენებია. ვთვლი, რომ წარმატებული ღონისძიება გამოგვივიდა. თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ს” და საბრძოლო ხელოვნება კუდოს ეროვნულ ფედერაციას” – განაცხადა რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ბეგიაშვილმა.

ზურაბ ლუხოშვილი 1983 წლის 3 სექტემბერს, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფეში დაიბადა. 2004 წელს დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზ–აღზრდის ფაკულტეტი. 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. წარსულში სპორტით პროფესიონალურ დონეზე დაკავებული არ ყოფილა. მისთვის ეს სარეკორდო ასპარეზობა პირველია.

ამ თემაზე:

“პოლიციის კაპიტანი ზურაბ ლუხოშვილი მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება”

“მაიორმა იოსებ კობახიძემ რეკორდი დაამყარა”

“იოსებ ხუციშვილმა ორი ახალი რეკორდი დაამყარა”

“ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები ახალი რეკორდების დამყარებას გეგმავენ”

“კაპრალმა თემურ დადიანმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა”

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რეკორდები დაამყარეს”
loading...