26 October 2016

დავით ხარატიშვილის წარმატება “თბილისიმარათონზე”

დავით ხარატიშვილი – თბილისიმარათონი 2016
საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯმა და „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ წარმომადგენელმა საქართველოში – დავით ხარატიშვილმა, “თბილისიმარათონი 2016”–ზე წარმატებული შედეგი აჩვენა: მან 10–კილომეტრიანი დისტანცია თავის ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე სწრაფად გაირბინა.

მასშტაბური სოციალური პროექტი – “თბილისიმარათონი”, კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით ხორციელდება და საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. ღონისძიება წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა და მასში 2000–ზე მეტმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა.

წლევანდელ გარბენში დავით ხარატიშვილმა 10–კილომეტრიან დისტანციაზე იასპარეზა და ფინიშის ხაზი 42 წუთსა და 17 წამში გადაკვეთა. ეს შედეგი მის ასაკობრივ კატეგორიაში საუკეთესო აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ დავითი “თბილისიმარათონში” უკვე ზედიზედ მეოთხედ მონაწილეობს: წინა გარბენებში იგი 21–კილომეტრიან დისტანციაზე ასპარეზობდა. 2013 წელს შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა, 2014–ში – მეხუთე, შარშან – მეოთხე, წლევანდელ შეჯიბრზე კი 10 კილომეტრიან დისტანციაზე აჩვენა უმაღლესი შედეგი.

ყოფილი მოკრივე და მძლეოსანი დავით ხარატიშვილი 2012 წლიდან საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისიის წევრია. სხვადასხვა დროს იყო ამერიკის მოყვარულ მოკრივეთა ასოციაციისა და ნიუ–იორკის მორბენალთა კლუბის წევრი. 2015 წელს დაინიშნა უმაღლესი მიღწევების მარეგისტრირებელი ორგანიზაცია “რეკორდსმენთა რესპუბლიკის” (RHR) რეგიონალურ წარმომადგენლად საქართველოში.

ამ თემაზე:

“დავით ხარატიშვილი “რეკორდსმენთა რესპუბლიკის” წარმომადგენლად დაინიშნა”
loading...