10 October 2016

თემურ დადიანი პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია

temur dadiani para-armwrestling world championships bronze
ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი – 25 წლის თემურ დადიანი პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია: ბულგარეთში მიმდინარე ტურნირზე მან მარცხენა მკლავით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ დადიანისთვის ეს წარმატება პირველი არ ყოფილა – წარსულში მას უკვე მოპოვებული აქვს ევროპისა და მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონის ტიტულები.

პარამკლავჭიდის XIX მსოფლიო ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში 1–ელ ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დასრულდა. თემურ დადიანმა 6 ოქტომბერს მარცხენა მკლავით იასპარეზა და 65 კგ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ეს წარმატება თემურ დადიანისთვის პირველი არ ყოფილა: შარშან, პოლონეთში, პროფესიონალური მკლავჭიდის XV მსოფლიო თასზე (Zloty Tur World Cup 2015) მან ორივე მკლავით ვიცე–ჩემპიონი გახდა, მიმდინარე წლის მაისში კი კვლავ ვიცე–ჩემპიონის ტიტული მოიპოვა რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც.

შეგახსენებთ, რომ თემურ დადიანი ISAF–ის სამხედრო მისიის ყოფილი მონაწილე, დაჭრილი ჯარისკაცია. მან ორივე ქვედა კიდური და მარჯვენა ხელის ნეკა თითი 2011 წლის 3 აგვისტოს, ავღანეთში, ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად დაკარგა. შემთხვევიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ თემურმა უპრეცედენტო მსოფლიო რეკორდი დაამყარა ე.წ. „ფლენჩ“ (Planche) აზიდვებში, მოგვიანებით კი საკუთარი შედეგი გააუმჯობესა. ამჟამად მსახურობს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, პარალელურად სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ამ თემაზე:







loading...