15 July 2017

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა

Irakli Rostomashvili Double Record Holder
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი დაცვის დეპარტამენტის უმცროსმა ლეიტენანტმა – ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვებში ამერიკელი რონ კუპერის შედეგი გააუმჯობესა. სპორტსმენს წარმატება მიულოცეს სამსახურის ხელმძღვანელმა – ანზორ ჩუბინიძემ და საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტმა – ალექსი ფილფანმა. ღონისძიება 14 ივლისს, სდსს სასწავლო ცენტრში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვერსიით, კუპერს ერთი წუთის განმავლობაში 60–ფუნტიანი (27.2 კგ) ზურგჩანთის თანხლებით 57 აზიდვა ჰქონდა შესრულებული. ამ შედეგის გასაუმჯობესებლად ქართველ სპორტსმენს სულ მცირე 58 მოძრაობა უნდა შეესრულებინა. ირაკლი როსტომაშვილმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა დადგენილ ნორმატივს და საერთო ჯამში 62 აზიდვის შესრულება მოასწრო.

irakli rostomashvili rekordi

საქართველოს რეკორდების ფედერაციის სერტიფიკატი სპორტსმენს პირადად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა – ანზორ ჩუბინიძემ გადასცა. რეკორდის დამყარების პროცესს აგრეთვე დაესწრო და ირაკლი როსტომაშვილს წარმატება მიულოცა საბრძოლო ხელოვნება „კუდოს“ ეროვნული ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტმა – ალექსი ფილფანმა.

ანზორ ჩუბინიძე, ალექსი ფილფანი, დავით ბეგიაშვილი, ირაკლი როსტომაშვილი

ირაკლი როსტომაშვილისთვის ეს უკვე მეორე რეკორდია – პირველი ტიტული მან ორი თვის უკან, 30–წამში შესრულებული აზიდვების რაოდენობით დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეკორდსმენის სტატუსს ფლობს ირაკლის ძმა – გიორგი როსტომაშვილიც. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მას რვა რეკორდი აქვს დამყარებული, 2015 წელს კი „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასის“ შეჯიბრზე ინდივიდუალურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ამ თემაზე:

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა“

„პირველად საქართველოში – პირდაპირ ეთერში მსოფლიო რეკორდი დამყარდა!“
loading...