რეკორდის რეგისტრაცია

საქართველოს რეკორდების ფედერაცია არეგისტრირებს ეროვნულ და მსოფლიო რეკორდებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული შედეგი აკმაყოფილებს მსოფლიო რეკორდის მოთხოვნებს, მონაცემები გადაეგზავნება შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას (”გინესის მსოფლიო რეკორდები” და სხვ.)

ფედერაციას შექმნილი აქვს სპეციალური კატეგორიები; ბავშვების (13 წლამდე) და ქალების რეკორდები, რადგან ვითვალისწინებთ, რომ აღნიშნული კატეგორიის მიღწევები არ შეიძლება შეფასდეს საერთო კრიტერიუმებით.

რეკორდებს ვარეგისტრირებთ ყველა კატეგორიაში, რომელსაც გააჩნია შედარებითი ან შეჯიბრებითი კრიტერიუმი და შესაძლებელია მისი გაზომვა რიცხობრივი პარამეტრებით.

თუ შეგიძლიათ რომელიმე არსებული რეკორდის მოხსნა ან სურვილი გაქვთ, შემოგვთავაზოთ რეკორდის ახალი კატეგორია, დაგვიკავშირდით:

ტელ: (+995) 579-33-93-83
ელ-ფოსტა: georgianrecords@gmail.com

ჩვენ განვიხილავთ თქვენს წინადადებას, დავუკავშირდებით რეკორდების მარეგისტრირებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს, შევამოწმებთ ანალოგიური მიღწევის არსებობას მსოფლიო მასშტაბით და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო რეკორდის შესახებ.

ფედერაციისგან დაწვრილებითი ინსტრუქციების მიღების შემდეგ შესაძლებლობა გექნებათ, დაიწყოთ მომზადება რეკორდის დასამყარებლად. ჩვენ დაგეხმარებით მზადების პროცესში, გაგიწევთ საჭირო კონსულტაციებს, ფედერაციის საინფორმაციო საშუალებებით გავაშუქებთ ვარჯიშის მიმდინარეობას და თქვენს მომავალ სარეკორდო ასპარეზობას შევათანხმებთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან წიგნთან.

როდესაც მზად იქნებით რეკორდის დასამყარებლად, ჩვენ ორგანიზებას გავუწევთ სარეკორდო ღონისძიებას, მოვიწვევთ მედიის წარმომადგენლებს, ასევე ასპარეზობის მიმდინარეობა პირდაპირი ეთერით გადაიცემა ფედერაციის ინტერნეტ-ტელევიზიის – GRF TV–ის საშუალებით. ღონისძიებას გაუძღვებიან ფედერაციის წარმომადგენლები, შესაბამისი სარეკორდო კატეგორიის ექსპერტები და ოფიციალური მსაჯები, რომლებიც გააკონტროლებენ ასპარეზობის ჩატარებას საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად და შეავსებენ რეკორდის სარეგისტრაციო ფორმებს. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ფედერაციის წარმომადგენელი საზოგადოების წინაშე გააკეთებს თქვენი მიღწევის მოკლე პრეზენტაციას და გადმოგცემთ საქართველოს რეკორდების ფედერაციის ოფიციალურ სერტიფიკატს.

იმ შემთხვევაში, თუ მიღებული შედეგი აკმაყოფილებს მსოფლიო რეკორდის მოთხოვნებს, მონაცემები გადაეგზავნება შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას. ეს საშუალებას მოგცემთ, ერთი რეკორდის დამყარებით მიიღოთ ორი ან მეტი სერტიფიკატი (მათ შორის ერთი საქართველოს რეკორდების ფედერაციიდან, ხოლო მეორე და შემდეგი - შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციიდან).

რეკორდის დამყარების შემდეგ თქვენი მიღწევის დაწვრილებითი მონაცემები, ფოტო და ვიდეომასალა განთავსდება ფედერაციის ვებსაიტზე, Facebook  გვერდზე და სხვა საინფორმაციო საშუალებებში. თქვენი სახელი დაემატება ფედერაციის რეკორდსმენთა მონაცემთა ბაზას, რეკორდი ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიო მასშტაბით Google-ის საძიებო სისტემაში. გარდა ამისა, საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ დარეგისტრირებული ყველა რეკორდი შევა „საქართველოს რეკორდების წიგნში“, რომლის გამოცემაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

თუ აპირებთ რეკორდის დამყარებას, რაც შეიძლება სწრაფად აცნობეთ ამის შესახებ საქართველოს რეკორდების ფედერაციას, რათა მიიღოთ თქვენთვის საინტერესო რეკორდის წესები, დაწვრილებითი ინფორმაცია მის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსის შესახებ და სწორად წარმართოთ მომზადების პროცესი.

ფედერაცია არეგისტრირებს არა მხოლოდ ახალ რეკორდებს, არამედ განიხილავს უკვე დამყარებულ მიღწევებს და დასამტკიცებლად უგზავნის შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს. თუ ხართ რაიმე სახის მიღწევის მფლობელი ან მიღებული გაქვთ მონაწილეობა სარეკორდო ღონისძიებაში, შეკრიბეთ მტკიცებულებები და მიმართეთ საქართველოს რეკორდების ფედერაციას სერტიფიკატის მისაღებად.

საქართველოს რეკორდების ფედერაცია არის ერთადერთი ორგანიზაცია ქვეყანაში, რომელსაც პარტნიორობას უწევენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ამაღლებს ფედერაციის ავტორიტეტს და იოლს ხდის მის მიერ დარეგისტრირებული რეკორდების შეტანას საერთაშორისო წიგნებში.

თუ თვლით, რომ გაქვთ უნიკალური უნარი, შეგიძლიათ მოხსნათ რომელიმე არსებული რეკორდი, შემოგვთავაზოთ ახალი კატეგორია, ან უკვე მიღებული გაქვთ მონაწილეობა სარეკორდო ასპარეზობაში და გსურთ, რომ თქვენი სახელი მოხვდეს მსოფლიო რეკორდების წიგნში, დაგვიკავშირდით:


ტელ: (+995) 579-33-93-83
ელ-ფოსტა: georgianrecords@gmail.com